იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტიდან გააძევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდიომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც სურდა ეკითხა, როგორ შეეხება რუსული კანონი ბიძინა ივანიშვილის „ქართუ“ ფონდს, რომელსაც დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან აქვს. ამასთან, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი „ქართუს“ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს სიტყვა ჩამოართვა და შეკითხვის დასრულების უფლება არ მისცა: „ბიძინა ივანიშვილს რაში ედრებით?! ორ მილიარდ ევროზე და ლარზე მეტი აქვს დახარჯული, უფრო სწორად, ექვს მილიარდ ლარამდე აქვს დახარჯული. რამდენი ლარი გაქვთ თქვენ დახარჯული ჩვენი ქვეყნისთვის? ჩამოგერთვათ სიტყვა იქიდან გამომდინარე, რომ გადახვედით პოლიტიკურ განცხადებებზე“, - თქვა ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დილის 09:25 საათიდან, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ანრი ოხანაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს კრიტიკულ შეკითხვებს არ ასმევინებს, მათ გაფრთხილებას აძლევს ან სხდომათა დარბაზიდან აძევებს. ამ დროისთვის, ოხანაშვილს გაძევებული ჰყავს 10 დეპუტატი - ხატია დეკანოიძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, დავით ხაჯიშვილი, ქეთევან თურაზაშვილი, გიორგი ვაშაძე, თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი და თამარ ჩარკვიანი. „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა და „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
2024 წლის 3 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 17 აპრილს, პარლამენტის 83 წევრმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ კანონი „კრემლის მიერ შთაგონებულად“ მოიხსენია და ხელისუფლებას მოუწოდა, არ მიიღოს. მსგავსი ჩანაწერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. 425 ევროპარლამენტარი გმობს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებულია რუსეთის „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიზანმიმართულად აკრავს იარლიყს და ახდენს მათ დისკრედიტაციას, გამოიყენება ქვეყანაში დარჩენილი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად. ევროპარლამენტი კანონს კატეგორიულად გმობს და აღნიშნავს, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს.