„ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით დაამტკიცა პროტესტის შემზღუდავი ცვლილებები

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო © გურამ მურადოვი/Civil.ge

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესახებ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, დაჩქარებული წესით, ორი პლენარული სხდომის განმავლობაში განიხილეს და დაამტკიცეს. შედეგად, 60 დღემდე ზრდება ადმნისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა და მკაცრდება სანქციები პროტესტის გამოხატვასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების თავდაპირველ ვერსიაში რამდენიმე შესწორება შეიტანა. კერძოდ,

  • ისეთი სამართალდარღვევებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, შენობაში აქციის გამართვა მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გზების და მაგისტრალების ბლოკირება, ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნა ან აქციის მონაწილეების მიერ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში კი – 15 000 ლარით დაჯარიმებას ან 20 დღემდე პატიმრობას. პირველ ვერსიაში სანქციის სახით პატიმრობა გათვალისწინებული არ იყო. იგივე ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე (ნაცვლად კანონპროექტის პირველ ვერსიაში შემოთავაზებული 20 დღისა), ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში განისაზღვრა 60 დღემდე პატიმრობა (პირველ ვერსიაში 5 დღიდან 60 დღემდე პატიმრობა იყო).
  • მიღებული კანონის მიხედვით, აქციაზე სახის დაფარვის და ლაზერის ტარების აკრძალვის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით ან 7 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. თავდაპირველ ვერსიაში, სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა არ იყო გათვალისწინებული.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, ვინაიდან პროტესტის უფლების ბევრ ასპექტს სამართალდარღვევად აცხადებს და კიდევ უფრო ასუსტებს ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს.

უარესდება პირადი გასინჯვის წესი. კერძოდ, გასასინჯ პირს აღარ აქვს უფლება, მოიწვიოს მოწმე. საიას შეფასებით, მიმდინარე აქციების კონტექსტში, ეს არის რეაქციული პასუხი, რომელიც მიზნად ისახავს ფორმალური კანონიერების საფუძველი შეუქმნას უკანონო ჩხრეკის პრაქტიკას.

ხდება ახალი სამართალდარღვევის შემოღება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირთა მიმართ საპროტესტო და პოლიტიკურ გამოხატვას ზღუდავს. ასევე, შემოვიდა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება და ამგვარი აქციის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გაფრთხილების ვალდებულება.

უფლებადამცველები პრობლემურად მიიჩნევენ იმასაც, რომ ფართოვდება ორგანიზატორის ცნება და განიმარტება, როგორც შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი, აგრეთვე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას. შესაბამისად, შესაძლოა ორგანიზატორად მიიჩნიონ აქციის აქტიური მონაწილეც და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ორგანიზატორის პასუხოსმგებლობას შეეხება, მასზეც გაავრცელონ.

საკანონმდებლო ცვლილებები გააკრიტიკა საქართველოს სახალხო დამცველმაც, რომლის შეფასებითაც იქმნება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეები. ლევან იოსელიანმა 5 თებერვალს ეუთო/ოდირს მიმართა და სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა. ის „ქართული ოცნების“ პარლამენტს მოუწოდებდა, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, საკანონმდებლო ცვლილებები არ მიეღო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.