ხანუმ ჯეირანოვას ორი შვილისთვის სახელმწიფოს 100 000 ლარიანი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში თვითმკვლელობამდე მიყვანილი ქალის, ხანუმ ჯეირანოვას ორი შვილისთვის, სახელმწიფოს, კომპენსაციის სახით ჯამში 100 000 ლარის გადახდა დაევალა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტის ნინო ანდრიაშვილის თქმით, ბავშვები კომპენსაციას იმ მორალური ტრავმისთვის მიიღებენ, რისი მომსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

2014 წლის 16 სექტემბერს, სოფელ ლამბალოში, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა ნათესავებმა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, მას თავს დაესხნენ, სოფელში ათრიეს, შვილების თვალწინ საჯაროდ დაამცირეს და სასტიკად სცემეს, რის გამოც ქალმა რამდენჯერმე დაკარგა გონება.

მომხდარიდან 2 დღის შემდეგ, 18 სექტემბერს, ხანუმ ჯეირანოვა გარდაცვლილი ნახეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა წლების განმავლობაში არავინ დაუკავებიათ. გარდაცვლილის ქმარმა აჯი გასანოვმა მის ცოლზე ერთ-ერთი მოძალადე პირი ფეხში დაჭრა, შემდეგ კი პოლიციას თავად ჩაბარდა. აჯი გასანოვი განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს და 2014 წლის დეკემბერში სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2016 წლის 16 სექტემბერს ის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

2015 წელს, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმე გამოუძიებელი არ უნდა დარჩენილიყო. მისივე თქმით, მტკიცებულებების შეგროვება მას თავად ჰქონდა დაწყებული. წულუკიანის პირობის მიუხედავად, საქმე მაინც არ გამოიძიეს.

2018 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საფარი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, საჩივრით გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტს მიმართეს.

2021 წლის ბოლოს კომიტეტმა დარღვევა დაადგინა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ჩაეტარებინა სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება, ასევე, ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაცია გადაეხადა.

მომხდარიდან 8 წლის შემდეგ, პროკურატურამ 5 კაცი დააკავა. მათ ბრალი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხანუმ ჯეირანოვას ღირსებისა და პატივის შესახვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის წარუდგინეს. „მიდიოდა საუბარი, რომ ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხიდან გამოსულიყვნენ. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ ამის. დაზარალებულები მათთვის მაქსიმალური სასჯელის დაკისრებას ითხოვენ“, - ამბობს ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი.

„საფარმა“ კომპენსაციის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა. ნინო ანდრიაშვილის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც მოპასუხე მხარე იყო, კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობდა:

„ფინანსთა სამინისტრომ საერთოდ არ აღიარა ჩვენი სარჩელი. ამბობდნენ, რომ მოთხოვნა არავითარ შემთვევაში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან გაეროს კომიტეტმა მხოლოდ რეკომენდაცია გასცა“.

ანდრიაშვილის თქმით, გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ კომპენსაციის გადახდაზე სასამართლო დავა დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და მოსამართლეს მხოლოდ თანხის ოდენობაზე უნდა ემსჯელა. მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღება, თუმცა, მოსამართლემ სხდომა ჩანიშნა და მხარეთა პოზიციები მოისმინა. „საფარი“ თითოეული ბავშვისთვის 100 ათასი ლარის გადახდას ითხოვდა, სასამართლომ კომპენსაცია თითოეულისთვის 50 000 ლარით განსაზღვრა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).