საქართველოში მოქმედი 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს აშშ-ს მიერ სანქცირებულ პირებს - მოსამართლეებსა და ყოფილ მთავარ პროკურორს. არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს სანქცირებული პირების ინტერესების დაცვა და ამით ქვეყნის დასავლური სივრცისგან დაშორება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია.
მიგვაჩნია, რომ სანქცირების ორივე შემთხვევა საგანგაშო მიზეზებით მოხდა. მრავალი წელია ქართული საზოგადოება საქართველოს სასამართლოს სისტემაში კორუფციის და პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე საუბრობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის მოსამართლეების დასანქცირება ამ კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური გავლენების შესახებ საქართველოს პოლიტიკურ თუ ბიზნეს სფეროებზე. მის მიმართ სამართალდამცავების ლოიალური დამოკიდებულება გამაოგნებელი იყო. წლების მანძილზე მისი სახელი არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდებოდა, თუმცა მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა. 14 სექტემბერს კი აშშ-ის ხაზინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ საქმიანობის ბრალდებაც დაემატა. სამართალდამცავებს ამ საკითხზე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ, უფრო მეტიც, მათ ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მისცეს ქვეყანა დაეტოვებინა.
აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს არამხოლოდ რეაგირება არ მოჰყოლია, არამედ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს მოარგო, რაც სახელმწიფოს მიტაცების, ქმედებაში გამოხატული, კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა, სინამდვილეში, არავითარ ფაქტებსა და მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა.
„საქართველოს ხელისუფლებამ სცადა პარტნიორებისგან შესაბამისი ბრალდებების გამამყარებელი მტკიცებულებები მიეღო, თუმცა, უშედეგოდ. მეტიც, მოვისმინეთ სრულიად არადამაჯერებელი განმარტება, რომ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება ღია წყაროებიდან, ანუ ტელევიზიებიდან, გაზეთებიდან და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნებოდა.
უსაფრთხოების სამსახურმა პარტნიორებისგან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებითაც გამოითხოვა შესაბამისი მტკიცებულებები. თუმცა, როგორც გაირკვა, საქართველოს ხელისუფლებას არც ოფიციალურ და არც პირად შეხვედრებზე, არც ღია და არც დახურული არხებით არავითარი მტკიცებულება არ მიუღია. მეტიც, პარტნიორებმა ქართულ უწყებებს თავად სთხოვეს მტკიცებულებების მოპოვება და გაგზავნა ფარცხალაძის საქმეზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ მდიდარი ენჯეოები ცდილობენ, ამერიკის ახალ ელჩს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება არ მისცენ და პირიქით, ეს ურთიერთობები რამენაირად დამატებით დააზიანონ.
„ორიოდე კვირის წინ, საქართველოში ჩამობრძანდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ქალბატონი რობინ დანიგანი, რომელთანაც ჩვენი ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა უკვე გამართეს ძალზე პროდუქტიული შეხვედრები. გვაქვს ოპტიმიზმის მყარი საფუძველი, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პერიოდში, ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაღრმავდება. ამ ვითარებაში, მდიდარი ენჯეოების განცხადება არის ელჩის დადებითი ძალისხმევის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის აშკარა მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობების შენარჩუნებაა.
მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებამ შექმნა სერიოზული უხერხულობა ურთიერთობებში. ენჯეოების შესაბამისი ძალისხმევა, გარდა სხვა მიზნებისა, სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის მოპოვების ინტერესითაც იყო ნაკარნახევი.
მდიდარი ენჯეოები ზემოაღნიშნულ განცხადებას ავრცელებენ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლებაზე თავდასხმა სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მიმართული მორიგი უხეში ქმედება.
ყველაფრიდან ჩანს, რომ მდიდარი ენჯეოები არც საქართველოს, არც ამერიკის და არც ევროპის ინტერესებს არ ემსახურებიან. სინამდვილეში, ისინი ემსახურებიან „გლობალურ ომის პარტიას“, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს უკრაინიზაციაა“, - აღნიშნა კობახიძემ.