საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩევლის, დერეკ შოლეს განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს, სოცილურ ქსელ X-ში უპასუხა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
კობახიძის თქმით, შოლესთან საუბრისას გამოხატა „გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა“.
რევოლუციის მცდელობის მხარდაჭერის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ, კერძოდ კი - სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონთან და თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ცრუ განცხადებების გაკეთებაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს მთავრობას ახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის „2020-2023 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა“.
„ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია“, - წერს კობახიძე და იქვე აღნიშნავს:
„ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო“.
2 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს ესაუბრა.
„ირაკლი კობახიძეს განვუმტკიცეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის გამო - მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს.
შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს“, - განაცხადა დერეკ შოლემ.
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა ამერიკის მთავრობის მიწვევით აშშ-ში გამგზავრებაზე, „სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად“. ამ გადაწყვეტილების მიზეზი რუსული კანონი გახდა. კერძოდ, ქართული მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა პირობა, ვიზიტამდე პარლამენტს დროებით შეეჩერებინა რუსული კანონის განხილვა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე, კონგრესმენებმა და სენატორებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკეს რუსული კანონის მხარდაჭერის და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ საქართველოსთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის წინ წაწევა, რომელიც პუტინის ანალოგიურ ანტიდემოკრატიულ ინსტრუმენტს ჰგავს. 14 სენატორი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, იძულებული გახდებიან, საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ. პოლიტიკის ცვლილებაში სენატორები ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტას და სავიზო შეზღუდვების გაფართოებას მოიაზრებენ.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე უკვე ორი მოსმენით მიიღო. პარლამენტში მესამე და საბოლოო მოსმენა, სავარაუდოდ, 13 მაისის კვირაში გაიმართება.