2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებისა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მის მიერ დასახელებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებს შორისაა პროკურატურისთვის მიმართვა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„სამართლებრივ ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, პროკურატურისადმი მიმართვა, შეიძლება იყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ერთად იყოს გამოყენებული, შეიძლება კონკრეტული ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული. ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, - განაცხადა პრემიერმა.
შეკითხვაზე, რატომ საუბრობს „ქართული ოცნება“ ომის გამოძიებაზე ახლა, 12-წლიანი მმართველობის შემდეგ და არჩევნებამდე 2 თვით ადრე, კობახიძემ თქვა, რომ ამაზე პასუხი „ძალიან მარტივია“.
„თქვენ იცით, რომ წარიმართებოდა სასამართლო პროცესები ჰააგაში და სტრასბურგში, სადაც ჩვენთვის უაღრესად პრინციპული იყო გამარჯვება. სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით, ეს პროცესები საქართველომ და ქართულმა ჯარმა მოიგო. კერძოდ, ჰააგაში და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული. ეს არის პრინციპული ის გამარჯვება, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით. რაც შეეხება თავად ომის გამოძიებას, მათ შორის ომის დაწყების საკითხს დ ა.შ., თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია „ნაცმოძრაობას“, კერძოდ „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი. გარდა ამისა, ამ პოზიციას ეთანხმება „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 2018 წლის კამპანია, პრაქტიკულად, ამ საკითხის გარშემო წარმართა. ის ამტკიცებდა, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ომი. ანუ, „ნაცმოძრაობის“ და მათი პრეზიდენტის პოზიცია შეჯერებულია ამასთან დაკავშირებით. მათ განაცხადეს და დოკუმენტურადაც დაადასტურეს ის, რომ თავად დაიწყეს ომი, თუმცა ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის დადგენა. ვნახოთ, რას დაადგენს [გამოძიება]. „ნაცმოძრაობის“ გზავნილები და რუსეთის ხელისუფლების გზავნილები ემთხვევა ერთმანეთს. ორივემ თქვა, რომ 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული მხარის ბრალეულობა უნდა ამტკიცოთ?“, - ჰკითხა ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს, რაზეც მან უპასუხა, რომ „სააკაშვილის რეჟიმი არ არის ქართული მხარე“.
2022 წლის ბოლოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა და საქართველოს მხრიდან ჩადენილი რაიმე დარღვევა გამორიცხა.
აგვისტოს ომიდან, რომელსაც საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, 16 წელი გავიდა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა 169 სამხედრო და დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი დატოვა 150 000-მა ადამიანმა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება. ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, 125 დასახლება რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული აქვს.