გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სამინისტრომ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გადააბარა. სამინისტრო მიმდინარე სამუშაოებს ფინანსურადაც უზრუნველყოფს. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, მათი მიზანია შემდგომი შეცდომის დაზღვევა და საპატრიარქო დაინტერესებულია, პროცესი სამეცნიერო ჩარჩოში დარჩეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
გელათში შექმნილი პრობლემების შესახებ შეხვედრა, რომელსაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, 24 თებერვალს, ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. მას წინ უსწრებდა საპატრიარქოს შეფასება, რომ გელათში მდგომარეობა არათუ მძიმე, არამედ კრიტიკულია და მხატვრობის გადასარჩენად კონსერვაციის ჯგუფი უნდა შეიცვალოს.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ჩვენი დისკუსია დავაფუძნეთ იმ პრობლემებს, რომელთა აღმოფხვრა ჩემი მინისტრობის დროს დაიწყო ძალიან აქტიურად გელათის სამონასტრო კომლექსში და შევთანხმდით შემდეგზე, რომ საქართველოს საპატრიარქო - მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო - იზიარებს ჩემს ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის, კონსერვაციისა და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე სრულად სათავეში ჩაუდგეს და სამინისტრო აღარ იყოს ამ პროცესში წამყვანი.
სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს და ის ამ ფინანსური რესურსით შეძლებს, წარმართოს პრობლემების აღმოფხვრის პროცესი, როგორც ძირითადი ტაძრის შიგნით და გარშემო, ასევე კომპლექსის სხვა კომპონენტებთან დაკავშირებით. იქ არაერთი სხვა პრობლემაც არის, რომლების მოგვარების პროცესი დაწყებული გვქონდა და ამ პრობლემების გადაწყვეტას გააგრძელებს საქართველოს საპატრიარქო.
ასევე, შევთანხმდით, რომ დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში, მათი თაოსნობით და სწორედ იქ შეეძლება ყველა ხელოვნებათმცოდნეს, პროფესიონალს, იმედი მაქვს, პოლიტიკისგან დაცლილ დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ, რომ გასაგებია, საქართველოს საპატრიარქოში ვერავინ ვერ შეიტანს პოლიტიკურ ელემენტს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იქნება სამომავლოდ ძეგლის ინტერესიდან გამომდინარე. მინდა, ჩვენს ეკლესიას, რომლის შვილებიც ვართ ყველანი, გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესში დიდი წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის (მახარაძე) განცხადებით, სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, ხოლო კულტურის სამინისტრო ამ პროცესში მონიტორინგის და შემოწმების კუთხით მიიღებს მონაწილეობას.
„საპატრიარქოს გადაეცემა ყველანაირი რესურსი - ფინანსური ბიუჯეტი, ხარაჩო, რომელიც აუცილებელია იქ, ინტერიერში თუ ექსტერიერში სამუშაოების გასაგრძელებლად იმ აუცილებელი პირობით, რომ ის ჯგუფი, რომელიც იუნესკოს მიერ არის გამოგზავნილი, იქნება სამუშაოების წარმმართველი. თუ ერთობლივი შეხვედრების დროს გამოიკვეთება ჯგუფის ჩანაცვლების აუცილებლობა, ამაზე გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ. დღეს კონკრეტულ პირებზე არ ყოფილა საუბარი. შემდეგი შეხვედრების უფლებამოსილება იქნება შეარჩიოს ამა თუ იმ მიმართულების ჯგუფის წევრები სათითოდ და ალბათ ჩუბინაშვილის ინსტიტუტიდანაც იქნებიან ჩართული, ოღონდ კონკრეტულად ისინი იქნებიან, რომლებმაც ნაადრევად, წინსწრებით გადადგეს ნაბიჯები თუ არა, ამის თქმა ჯერ არ შეიძლება, მაგრამ შემდეგი შეხვედრისას მთელი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, ორმხრივი შეთანხმებით“, - განაცხადა ალავერდელმა მიტროპოლიტმა.
თეა წულუკიანი, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 2021 წლის მარტში დაინიშნა, 2022 წელის სექტემბერში აცხადებდა, რომ გელათში პროცესი სწორ გზაზე იყო და პასუხს არ აგებს იმაზე, რაც იქ 2021 წლის მარტამდე ხდებოდა.
გელათის ტაძრებში ფრესკების დაზიანებაზე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ექვემდებარება, კრიტიკული და საგანგაშო დასკვნა იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა.
ანგარიშში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი არაერთი ფაქტია გამოვლენილი:
- სამუშაო არაკვალიფიციურმა ადამიანებმა შეასრულეს წინასწარი პროექტის გარეშე. სახურავში წყლის ჩაჟონვის მიზეზი გახდა არა მხოლოდ და არა იმდენად უხარისხო კრამიტი, რამდენადაც მისი არაპროფესიონალურად დაგება, არასწორად გაკეთებული ღარები, წყალსაწრეტები, კვანძები და შეერთებები კედლებთან.
- შედეგად, რამდენიმე წლის მანძილზე ყოველი ძლიერი წვიმის დროს ათეულობით ლიტრი წყალი ხვდებოდა კედლებსა და კამარებში. ზოგჯერ წყალი გზას პოულობდა და თქრიალით მოედინებოდა ინტერიერში (მაგალითად, სამხრეთ-დასავლეთ აფრიდან), უდიდესი ნაწილი კი შენობამ შეიწოვა, რამაც უმძიმესი გავლენა იქონია კედლის მხატვრობაზე.
- დროებითი სახურავის მოწყობისას განმეორდა იგივე შეცდომა, რაც იქნა დაშვებული კრამიტების დაგების დროს - ის საკმარისად არ არის გამოწეული კედლებიდან.
- სახურავის ნაწილობრივმა მოხსნამ გამოიწვია შენობის არათანაბარი გაშრობის პრობლემა. ტენის აორთქლება ამ მიმართულებით წარიმართა, რამაც დასავლეთი მკლავის კედლის მხატვრობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა.
- გელათის ტაძრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა.
ანგარიშის ავტორები როგორც უკიდურესად შემაშფოთებელ მეთოდოლოგიურ დარღვევას, საგანგებოდ ცალკე გამოყოფენ გელათში ორიგინალ ბათქაშზე რესტავრატორების ჩარევას - „მათ მიერ ინტერპრეტირებული რეალობით ისტორიული რეალობის ჩანაცვლება არსებითად, მხატვრობის ფალსიფიკაციას წარმოადგენს და აზიანებს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სახეს.
მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ დასავლეთი მკლავის მხატვრობის ავთენტური სახის შემლახავი ჩარევები პროფესიული წრისგან მალულად შესრულდა - მას არ გაუვლია პროფესიული შეფასების, რეცენზირების თუ დამტკიცების არცერთი რგოლი“.
ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ ამ საგანგაშო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო კულტურის სამინისტროს აუდიტმა.