ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმის უკან ე.წ. გლობალური ომის პარტია დგას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტმა მილერს ჯერ იმ რეაქციის შეფასება სთხოვა, რაც შაბათს მომხდარს რუსეთში მოჰყვა. კრემლში განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა „ატმოსფერო“, რომელმაც თავდასხმის პროვოცირება მოახდინა.
„ეს წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო კომენტარებია კრემლისგან... აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
ჟურნალისტის თქმით, მსგავსი კომენტარები ისმის საქართველოდანაც, რომლის პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ მომხდარის უკან „გლობალური ომის პარტიას“.
„არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ისაუბრეს გამოძიებაზე, იმაზე, რაც მათ იციან და რაც არ იციან. ვიდრე ეს გამოძიება გრძელდება, ისინი გააგრძელებენ გამოძიების შედეგებზე განმარტებების გაკეთებას.
პრეზიდენტმა სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას, არ მოახდინონ სპეკულირება, არ გააკეთონ უპასუხისმგებლო განცხადებები მანამ, სანამ ფაქტები არ გვეცოდინება. იგივე მოწოდებას გავავრცელებდი უცხო ქვეყნებზეც“, - თქვა მეთიუ მილერმა.
ირაკლი კობახიძე ტრამპზე თავდასხმას ორი განცხადებით გამოეხმაურა. სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ ქართულენოვან განცხადებაში მან თავდასხმა „გლობალური ომის პარტიას“ დაუკავშირა. „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს“, - დაწერა კობახიძემ, თუმცა „გლობალური ომის პარტია“ არ ახსენა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან ტექსტში.
დონალდ ტრამპზე თავდასხმა 13 ივლისს, პენსილვანიაში, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მოხდა. ტრამპს ტყვიამ ყურის ზედა ნაწილში გაუარა. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია, რომელიც მოკლეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი მოქალაქე, რომელიც სროლის დროს ოჯახს გადაეფარა, ორი კი დაშავდა. FBI-მ მომხდარს მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით იძიებს.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი საარჩევნო კონკურენტის წინააღმდეგ ძალადობა დაგმო და ამერიკელებს მოუწოდა, უარი თქვან პოლიტიკაში ძალადობაზე. „ამერიკაში ჩვენ ჩვენს უთანხმოებებს საარჩევნო ყუთთან ვწყვეტთ და არა ტყვიებით“, - თქვა მან. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას ჯერ არ გაუკეთებია რაიმე კონკრეტული დასკვნა თავდამსხმელის მოტივების შესახებ, რითაც მიანიშნა, რომ სანდო ფაქტების არარსებობის პირობებში, ინტერნეტში დაიწყო მრავალი ცრუ განცხადებებისა და შეთქმულების თეორიის გავრცელება.