თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტში მონაწილეობაზე უარი თქვა. მისი განცხადებით, ვიზიტმა პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, რის გამოც ის აშშ-ში გამგზავრებას აღარ აპირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
„სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას და მისთვის რაიმე სხვა დატვირთვის მინიჭება საფუძველს მოკლებული იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ დღეებში აღნიშნულმა ვიზიტმა შეიძინა მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოსამართლეთა ნაწილის წასვლა ან წაუსვლელობა გახდა პოლიტიკური შეფასების საგანი, ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა, შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც“, - აღნიშნავს მოსამართლე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბადრი კოჭლამაზაშვილი მეოთხე მოსამართლეა, ვინც სასწავლო ვიზიტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სამ მოქმედ და ერთი ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.
იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22-30 აპრილს, აშშ-ში სასწავლო ვიზიტით აღარ წავლენ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოების მოსამართლეები - კონსტანტინე კოპალიანი, ნანა ჯოხაძე და თამარ ბეჟანიშვილი. გვრიტიშვილმა ეს ნაბიჯი სოლიდარობის აქტად შეაფასა, თუმცა რამდენიმე დღით ადრე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გავლენიანი მოსამართლეები ზეწოლას ახორციელებდნენ იმ კოლეგებზე, ვისაც სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა სურდათ.
5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე დაასანქცირა. გარდა ამისა, სანქცირებულთა შორის მოხვდა 2012-2017 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეც. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია, ლევან მურუსიძე და ვალერიან ცერცვაძე, ასევე მათი უშუალო ოჯახის წევრები, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას ვეღარ შეძლებენ.