მოსამართლემ უფლებადამცველი აქციაზე სუფთა ფურცლით დგომის გამო 500 ლარით დააჯარიმა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა სამართალდამრღვევად სცნო ხუთივე აქტივისტი, რომლებიც პოლიციამ 2 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ დააკავა. ედუარდ მარიკაშვილს ხელში სუფთა ფურცელი ეჭირა. ამავე აქციაზე მყოფ საბა ბრაჭველს, ნიკა რომანაძეს, გრიგოლ ფრანგიშვილსა და ნოდარ სიხარულიძეს ჰქონდათ პლაკატები წარწერით „ირაყლი“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მოსამართლე შჩერბაკოვმა პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და წვრილმანი ხულიგნობისთვის 2000 ლარით დააჯარიმა ნოდარ სიხარულიძე, დანარჩენები კი წვრილმანი ხულიგნობისთვის 500 ლარით.

„ეს გადაწყვეტილება არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, ვინც ჩვენი საქმიანობის გამო დაგვაკავეს, გაგვასამართლეს და დაგვსაჯეს. გადაწყვეტილება ეხება ყველას, რადგან ეს ქმედებები უკანონოდ გამოცხადდა ყველასთვის მომავალში. სასჯელის ერთ-ერთი მიზანია შეცვალოს სამართალდამრღვევის ქცევა უკეთესობისკენ, ხოლო ამ უკანონო გასამართლებისა და დასჯის მიზანი ჩემი საქმიანობის შემდგომ გაგრძელებაზე დაფიქრებაა. შესაბამისად, როგორი მკაცრიც არ უნდა ყოფილიყო სასჯელი, ის ამ მიზანს ვერ მიაღწევდა.

მე უფლებადაცვითი საქმიანობის შეწყვეტას არ ვაპირებ - პირიქით“, - ასე შეაფასა მოსამართლის მიერ 27 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება ედუარდ მარიკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ხუთივე პირი 2 ივნისის საპროტესტო აქციიაზე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

დაკავების ამსახველი ვიდეომასალიდან ისმის პოლიციელის ნათქვამი, რომ არავის აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის უფლება.

დაკავებულ უფლებადამცველებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მისცეს საშუალება ადვოკატებთან დაერეკათ. სამივე მათგანი დედაქალაქიდან რეგიონში, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაკავების მაქსიმალური, 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.

უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები 2 ივნისს, პარლამენტთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პოლიციამ სამი ადამიანი, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავა. თუთბერიძე პარლამენტის წინ, კიბეზე იჯდა და ფეხებთან ჰქონდა პლაკატი წარწერით „ირაყლი“. მოქალაქეები ამ შინაარსის პლაკატებით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომელმაც 30 მაისს, ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე თქვა, რომ „ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი“.

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა გაასამართლა ე.წ. აგენტების შესახებ "რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტები ზურაბ ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი. ამ შემთხვევაშიც ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2200 ლარით დააჯარიმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების დარღვევად აქვს შეფასებული პროტესტის მონაწილეების დაკავება ბანერების შინაარსის, მათ შორის, უხამსი ლოზუნგის/სლოგანის გამო. საქართველოსთან მიმართებაში ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება 2022 წლის 15 დეკემბერს არის მიღებული.

ნინო შჩერბაკოვი მოსამართლეა 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ არის დანიშნული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.