„უცნობმა პირებმა დღეს მეოთხედ დამირეკეს, ამჯერად ქართული ნომრით. დამისახელეს საცხოვრებელი სახლის მისამართი, სადაც დედაჩემი იყო ბავშვებთან ერთად. მითხრეს, რომ ბინასთან მელოდებიან და გადამივლიდნენ. ეს პირდაპირი მუქარაა“, - აცხადებს ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრის დირექტორი ნათია კუპრაშვილი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 2 კობახიძე შუქრუთელების პროტესტზე - ასეთი აქციები ხშირად ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 5 რაც მოვისმინეთ, გაგვაოგნა - პრესის თავისუფლების მისია საქართველოში მედიის მდგომარეობაზე
- 6 საზღვარგართ მყოფი დევნილების ნაწილი არჩევნებში ხმის მიცემას ვერ შეძლებს
„პირველად გუშინ დამირეკეს, უკრაინის, დნეპრის ნომრით. იქიდან ზარებს ყოველთვის ვპასუხობ, რადგან ერთ დევნილ ოჯახთან ახლო ურთიერთობები გვაქვს და უპასუხოდ არასდროს ვტოვებ. ზარს ხმამაღლა ვუპასუხე. გინება რომ დაიწყეს, გვერდით მეუღლე მყავდა და მანაც აგინა.
ღამით, სამის ნახევარზე დამირეკეს ჩადიდან (სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში). არ ვუპასუხე. დილით უკვე გერმანული ნომრით დამირეკეს. ეს ზარიც უპასუხოდ დავტოვე. რადგან დავალება ვერ შეასრულეს, მეოთხედ დამირეკეს საქართველოს ნომრიდან. ჟურნალისტის ზარს ველოდებოდი და უცხო ნომერს ამიტომ ვუპასუხე.
უცნობმა პირმა სახელით მომმართა და მითხრა, რომ ბინასთან მოვიდნენ. ვკითხე, რომელ ბინასთან, ვინ ხართ მეთქი. დამისახელეს ჩემი სახლის მისამართი, სადაც დედაჩემი ცხოვრობს და ჩემი ბავშვები იყვნენ. ვინ ხართ მეთქი, გავუმეორე. ვიფიქრე, დედას რამე სჭირდებოდა. აი, რომ ჩამოხვალო და მოაყოლეს უცენზურო სიტყვებით გინება და მუქარა, გადაგივლით და ა.შ. გავთიშე ზარი.
გუშინდელის შემდეგ ვწერთ, რომ უცნობი პირები გვირეკავენ და გვემუქრებიან. დღეს შსს-მ გვითხრა, რომ საქმეც არ აქვთ აღძრული. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური გვეუბნება, რომ მათ არ ეხებათ. უცნობ პირებს ჩვენი პერსონალური ინფორმაცია აქვთ მიწოდებული, დამუშავებული და ცდილობენ დაშინებას. ბინასთან ვარ, ჩამოდი და დედას გიტირებო, მეტი მუქარა რა უნდა იყოს?“, - ნათია კუპრაშვილის თქმით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას წერილობითაც მიმართავს.
უცნობი პირები დღესაც ურეკავდნენ საგამოძიებო სტუდია „მონიტორის“ რედაქტორს ნინო ზურიაშვილს. „პირველად გუშინ დამირეკეს. მკითხა, შენ ხომ ნინო ზურიაშვილი ხარ, სტუდია „მონიტორიდანო“. კი მეთქი და დაიწყო გინება. ვკითხე, რას იგინები, რა გინდა მეთქი. რატომ ეძახი რუსულს ევროპული გამჭვირვალობის კანონს, ამიტომ გაგინებო. მერე გავთიშე. ამ დრომდე კიდევ რვაჯერ დამირეკეს.
თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, ეს პერსონალური მონაცემები აღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რადგან ზედმიწევნით კარგად იციან ყველაფერი. უკვე ახლობლებსაც ურეკავენ“, - უთხრა ნინო ზურიაშვილმა „საქართველოს ამბებს“.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არაერთი მიმართვის მიუხედავად, 2 დღის დაგვიანებით გამოეხმაურა რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ორგანიზებულ კამპანიას და თქვა, რომ შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას.
„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, შექმნიან მონაცემთა ბაზას, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ ადამიანის შესახებ, „რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“.