საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შესაძლოა გაუქმდეს. ამას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
საარჩევნო კოდექსში 2021 წელს ჩაიწერა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მონაწილეობს. იმარჯვებს ის, რომელიც მეტ ხმას მოაგროვებს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითულობთ, რომ არსებული რეგულაციიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება საკრებულოს არჩევნების მეორე ტურის გამართვა, რაც თავის მხრივ, აფერხებს საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, სწრაფად დაკომპლექტებასა და შესაბამისად, მის მყისიერ ეფექტურ ფუნქციონირებას. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის შესაძლებლობა გაცილებით მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი.
„ეს არის იმ მანკიერი, ე.წ. 19 აპრილის შარლ მიშელის ხელშეკრულების გადმონაშთი. ეს უნდა გასწორდეს და ყველა სოფელს, ქალაქს, თუ დასახლებულ პუნქტს თავისი წარმომადგენლის არჩევა უნდა შეეძლოს ერთი არჩევნების საშუალებით, როგორც ეს მსოფლიოში ფაქტობრივად ყველგან ხდება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ცვლილებების შესახებ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, 40%-იანი ბარიერის გაუქმება ოპოზიციას უფრო უნდა აწყობდეს. „თუ არ აწყობს, ამაზეც ვილაპარაკოთ - დავტოვოთ, თუ არ დავტოვოთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის შეფასებით, ეს ინიციატივა ადასტურებს, რომ მმართველი პარტიისადმი ამომრჩევლის ნდობა ისტორიულ მინიმუმზეა:
„ქართულ ოცნებას“, რომელიც ყოველდღე გვატყუებს, რომ თითქოს 60% რეიტინგი აქვს, სინამდვილეში, 35%-ის იმედიც კი არა აქვს. ამ კანონის მიღება მხოლოდ ამას ნიშნავს. ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“ ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს. ამ ნაბიჯებშიც „ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ დაემსგავსა. 2010 წელს, ზუსტად თვითმმართველობის არჩევნების წინ, მიხეილ სააკაშვილმაც გააუქმა საკრებულოს მაჟორიტარად არჩევისთვის მინიმუმ 30%-იანი მხარდაჭერის აუცილებლობა. დღეს ძალაუფლების დაკარგვის ისტერიული შიშებით მართული „ოცნებაც“ იმავეს აკეთებს, რასაც წარსულში აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის (100 დეპუტატი) მხარდაჭერა დასჭირდება.