ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის დაბრუნების გადაწყვეტილებას საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატებს დაემუქრა, რომ მიკროფონს გამოურთავს ყველას, ვინც გამოიყენებს ტერმინს - „რუსული კანონი“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„თქვენ გინდათ, რომ დემოკრატია დაანგრიოთ და ამ ქვეყანას მომავალი წაართვათ. რომ გვიხარია საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რას ეუბნებით იმ ახალგაზრდებს“, - თქვა „ევროოპტიმისტების“ ჯგუფის წევრმა ხატია დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე.
„მოქალაქეების“ წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა კი აღნიშნა, რომ „რუსული კანონის“ უკან შემოტრიალება პარლამენტის ყველა წევრის და ქვეყნის შეურაცხყოფაა. „ის კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი“, - განაცხადა ელისაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა დეპუტატები „ანტიქართულ პროპაგანდაში“ დაადანაშაულა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი „არანაირ რუსულ კანონს არ იღებს“.
„ყველასთან გავთიშავ მიკროფონს, ვინც „რუსულ კანონს“ გამოიყენებს. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ თავი, ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ. გაგივიდათ შარშან, წელს არ გამოგივათ. ეს პათეტიკა აღარ გაგივათ. მორჩა. ეს ტყუილი, რაც თქვენ ქართველ ხალხს აკადრეთ შარშან, დასრულდა, წერტილი დაესვა. ხვდებით თვითონაც, რომ ამის თქმის მორალური უფლება აღარ გაქვთ. დიახ, ეს ტყუილი, რასაც აკადრებთ, რომ რუსული კანონი ეძახოთ ქართულ კანონს“, - განაცხადა პაპუაშვილმა და ელისაშვილის დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა.
ალექსანდრე ელისაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ერთმანეთს სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ. სწორედ მდინარაძის ბრიფინგიდან გახდა დღეს ცნობილი, რომ „ქართული ოცნება“ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე „რუსული კანონის“ მიღებას გეგმავს. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
როგორ აფასებს საპრლამენტო ოპოზიცია რუსული კანონის დაბრუნებას
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები თანხმდებიან, რომ „რუსული კანონის“ მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის.
ალექსანდრე ელისაშვილი (პარტია „მოქალაქეები“): „ეს არის ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ერთხელ ხომ ამობრუნდა ყველაფერი ამ ქვეყანაში, ახლა აბრუნებენ ისევ ამ კანონს. ვეუბნები, არ გინდათ ამის კეთება, რუსულია. რუსულს ვინც დაუძახებს, შეურაცხყოფააო. არ უნდა გავატანინოთ! რა რუსული კანონი! ეს კანონი არ უნდა მიიღოს პარლამენტმა! მორჩა და გათავდა. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რაღაც ბნელ ფულებს იღებენ, მათი დაფინანსება 100%-ით გამჭვირვალეა. არ ასვენებთ გამჩენი. ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ რუსებთან, ისინი ავალდებულებენ ეტყობა, თორემ ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს. მოვუწოდებ ვინც არის ნორმალური ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი, აბჯარი აისხით და მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. არ უნდა გავატანინოთ“.
რომან გოცირიძე (საპარლამენტო ჯგუფი „ევროოპტიმისტები“): „ეს არის პირდაპირ უარის თქმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამას წინ უძღოდა სხვა კანონებიც, მათ შორის, საარჩევნო კანონის შეცვლა. ფაქტობრივად, ამ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ დათმოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს ხელისუფლება არის მოღალატე.
ანა ნაცვლიშვილი (პარტია „ლელო“): „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ მისი გემი იძირება და როგორც ყველა ბოროტ და მავნე ძალას სჩვევია, გადაწყვიტა, რომ ჩაიყოლოს მთელი ქვეყანა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც სულ ვამბობდით, რომ ამ პოლიტიკური ძალის ამოცანა არ არის, ეს ქვეყანა გახადოს ევროკავშირის წევრი. კრემლიდან მათი ერთადერთი დავალებაა, ეს ქვეყანა საბოლოოდ მიაბან რუსეთს“.
ანი წითლიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“): „ივანიშვილის პარტია ბედავს, გადაუაროს საქართველოს მოქალაქეების ნებას, რომლებმაც მარტის აქციების დროს იბრძოლეს ამ რუსული კანონის წინააღმდეგ და ხელახლა დააბრუნოს ეს კანონი პარლამენტში. შემთხვევითი არ არის, რომ რუსული კანონის შემობრუნებამდე ივანიშვილის პარტიამ გენდერული კვოტების გაუქმება მოითხოვა და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებს არცერთი იმ ვალდებულების შესრულებას, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ. ივანიშვილის პარტია და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია. ჩვენი ვალია, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს რუსული კანონი ვერ მიიღოს პარლამენტმა“.
ბექა ლილუაშვილი (პარტია „საქართველოსთვის“): „როდესაც პირველად მოხდა რუსული კანონის ინიცირება, ჩვენს მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების და შეზღუდვის შესახებ, მათ უგულებელყვეს. რატომ? იმიტომ, რომ მათ კანონპროექტს არაფერი საერთო არ აქვს რეალურად, მტრულად განწყობილი სახელმწიფოების, პირველ რიგში რუსეთის გავლენების შეზღუდვასთან. მას აქვს სხვა დანიშნულება და ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა „ოცნების“ ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, ახალ-ახალ გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საზოგადოებამ პირველ ჯერზე ეს არ გაუტარა“.