პირველად საქართველოში წალენჯიხაში პირველკლასელთა კვების პროგრამა ამოქმედდება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას განახორციელებს. 2023 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში პროგრამისთვის 220 ათასი ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის 30 საჯარო სკოლის 300-მდე პირველკლასელს კვება ყოველდღიურად 4 ლარით დაუფინანსდება, რაც წალენჯიხის საბავშვო ბაღებში მოზარდების კვებისთვის გათვალისწინებულ თანხაზე 10 თეთრით ნაკლებია. პროგრამის განხორციელება 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან დაიწყება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროგრამაში ჩართვისთვის პირველკლასელის მშობელმა მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება, პირველკლასელის დაბადების მოწმობა, ცნობა სკოლიდან პირველ კლასში სწავლის თაობაზე.

როგორც „საქართველოს ამბებს“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ უთხრა, ბავშვებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ სკოლის კვების ობიექტებსა და ადგილობრივ მაღაზიებში პროდუქტის შესაძენად. ბარათის გამოყენებით ბანკომატიდან თანხის გატანა ან ონლაინგადახდები შეზღუდული იქნება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 30 საჯარო სკოლიდან კვების ბლოკი მხოლოდ 6 სკოლას აქვს.

„საბავშვო ბაღებში ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან კვებით. ბავშვი იღებს იმდენ  კალორიას, რაც მისი განვითარებისთვის აუცილებელია, მაგრამ შემდეგ ეტაპზე, როდესაც ბავშვი პირველ კლასში შედის, კვებით უზრუნველყოფის პროგრამა არ მოქმედებს. ძალიან ხშირად მშობელს არ აქვს შესაძლებლობა, ყოველდღიურად დაუფინანსოს ის 3, 4 ლარი, რომელიც სკოლის პერიოდში ყოფნის დროს, კვებისთვის აუცილებლად სჭირდება, ანუ ბაღში შეჩვეული ორგანიზმი, სკოლაში უკვე გარანტირებული კვების გარეშე რჩება. ეს ბუნებრივია შეაფერხებს ბავშვის როგორც გონებრივ, ისე ძვლოვან, ხრტილოვან განვითარებას, მისი ზრდის პროცესს. პირველკლასელთა კვების პროგრამის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან, შექმნილი სოციალური ფონიდან გამომდინარე მიიღო. ეს პროგრამა უპრეცედენტოა საქართველოს მასშტაბით“, - აცხადებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა.

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია საქართველოში, რომელსაც 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კოალიციური ხელისუფლება მართავს და მერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი ამჟამად 14 444 100 ლარია. ადგილობრივი ხელისუფლების შენახვას 4 584 500 ლარი ხმარდება. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას 735 000 ლარი; წყლის სისტემის განვითარებას 158 400 ლარი; გარეგანათებას 585 000 ლარი; კეთილმოწყობის ღონისძიებებს 329 200 ლარი; გარემოს დაცვას, დასუფთავებას 1 211 600 ლარი; სკოლამდელი განათლების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 2 600 000 ლარი; სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის 755 000 ლარი; კულტურის განვითარებისთვის 870 000 ლარი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 1 835 400 ლარი; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფისთვის 375 000 ლარი.

UNICEF-ის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი (24.4%) სიღარიბეში ცხოვრობს. გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე.

„საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროებისა და პერსპექტივების“ პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლისთვის ქვეყანაში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის 189 690 ბავშვი ცხოვრობდა. კვების დეფიციტი ყველა ფორმით ყველაზე დიდ ტვირთად აწვება იმ ბავშვებსა და მოზარდებს, ვინც უღარიბეს და მარგინალიზებულ თემებში ცხოვრობენ.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოზარდებში ისეთი მიკროელემენტების ნაკლებობა, როგორიცაა რკინა და იოდი, რაც მათ ზრდის, განვითარებისა და ანემიის პრობლემებს უქმნის.

სასკოლო კვების პროგრამების საერთაშორისო გამოცდილებით, სკოლაში კვების მოდელი გულისხმობს, ყოველდღიურად სკოლაში მოსწავლეებისთვის მზა საკვების მიწოდებას ფიქსირებულ დროს (უმეტესად საუზმე ან/და სადილი). ეს მოდელი საჭიროებს სკოლებში საკვების მოსამზადებლად შესაბამისი სამზარეულოს აღჭურვილობას ან მზა საკვების ორგანიზებულ მიწოდებას. ფორტიფიცირებული საკვები - ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული საკვები. უმეტესად გვხვდება წასახემსებელი საკვების ფორმით, მაგ. ფორტიფიცირებული ორცხობილები. სახლში წასაღები ულუფები - საკვების მიწოდების სიხშირე დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე, უმეტესად გულისხმობს ყოველთვიურად ან სეზონურად საკვების მიწოდებას მოსწავლისთვის (და შემდეგ სახლში მოხმარებას). სხვა ფორმის საკვების მოდელებია სადილის ყუთი (Lunch box) - ყოველდღიური საკვები, რომელიც მოწოდებულია მესამე პირის მიერ (მაგ. მშობელი). შეიცავს წინასწარ მომზადებულ მზა კერძს. ადგილობრივი პროდუქტების გამოყენებაზე ორიენტირებული მოდელი (Home grown school meal) - ეს მოდელი მოსწავლეებს სთავაზობს საკვებს ადგილობრივი პროდუქციის გამოყენებით, რომელსაც აწვდიან ადგილობრივი მეწარმეები. მიკრონუტრიენტების ფხვნილი - დოზირებული საშეტი, რომელიც შეიცავს მშრალ მიკრონუტრიენტებით გაჯერებულ ფხვნილს. ფხვნილი შეიცავს 15-მდე მიკრონუტრიენტს, რომელიც შესაძლებელია დაემატოს მზა კერძს. მნიშვნელოვანია დოზა განისაზღვროს მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, წარმატებულად იქნა გამოყენებული სხვადასხვა ქვეყანაში. ეს მოდელი განსაკუთრებით ეფექტურია მოსწავლეებში ნუტრიენტების დეფიციტის დროს, მაგალითად ანემიის წინააღმდეგ.

სხვადასხვა ქვეყნის პროგრამების ანალიზი აჩვენებს, რომ ერთ მოსწავლეზე გამოყოფილი საშუალო თანხა მთელი წლის მანძილზე 91 $-ია. ეს ციფრი დაბალშემოსავლიან ქვეყნებში 42 $-ია, საშუალო შემოსავლების ქვეყნებში - 124 $, ხოლო განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების შემთხვევაში კი - 242 $. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ეს ციფრი დაახლოებით 13.3 $-ს შეადგენს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).