პრეზიდენტს მოუწოდებენ, „არჩევნების დასაცავად“ ვეტოს უფლება გამოიყენოს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

პარლამენტის დეპუტატები პარტიიდან „საქართველოსთვის“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს კანონპროექტს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს ერთპარტიულად აირჩიოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ე.წ. პროფესიული წევრები. გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატები ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს მიმართავენ, ძალისხმევა გააძლიერონ კანონის მიღების წინააღმდეგ და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

„ეს ნიშნავს, რომ „ოცნებას“ გაყალბების გარდა, სხვა რესურსი არ გააჩნია. არაფორმალური ძალაუფლების და გავლენების შესანარჩუნებლად, გადაწყვეტილი აქვთ, მოქალაქეებს წაართვან არჩევანის უფლება და მოჰპარონ ევროპული მომავალი.

„ოცნების“ მიერ, სრულად კონტროლირებადი, სანქცირებული სასამართლო და ცესკო, ჩვენი პარტნიორების ყოველდღიური შტურმი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი კამპანია ქმნის არჩევნების დაცვის კრიტიკულ საჭიროებას.

დაუშვებელია, რომ ძალაუფლების დაკარგვის შიშები, წარმოადგენდეს სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმების მოტივს. დაუშვებელია, არჩევნების ბედი წყდებოდეს ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში.

ამიტომ, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს ვეტოს უფლება არჩევნების დასაცავად. ასევე, მივმართავთ სტრატეგიულ პარტნიორებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა კანონის მიღების წინააღმდეგ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას, ყველა ძალისხმევა მიმართონ არჩევნების დაცვისკენ“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტით, პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება ეზღუდება. კანონპროექტის მიხედვით:

  • ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე (პრეზიდენტის ნაცვლად). ამასთან, გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლის ყოფნა;
  • ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურებს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. გათვალისწინებულია პრეზიდენტის მონაწილეობა კანდიდატურების წარდგენის პროცესში. კერძოდ, თუ პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ყველა ვაკანსიის შევსებას, პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, კონკურსის სხვა კანდიდატთაგან პარლამენტს თითოეულ დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ერთი კანდიდატურა წარუდგინოს;
  • ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩევიან 5 წლის ვადით;
  • ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს პარლამენტი აირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერით.

საარჩევნო კოდექსის მოქმედი ჩანაწერის მიხედვით, ცესკოს 7 წევრს და თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების 5-წლიანი ვადით ასარჩევად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა. ცესკოს იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც 2/3 ნაკლები ხმით არის არჩეული, მხოლოდ 6 თვეა.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ოპოზიციისა და პრეზიდენტისგან დამოუკიდებლად შეძლებს მისთვის სასურველი კანდიდატების არჩევას. „ქართული ოცნების“ ფრაქციაში 74 დეპუტატია გაწევრიანებული. ამას ემატება „ხალხის ძალის“ 9 წევრი, რომლებმაც ფრაქცია ფორმალურად დატოვეს, თუმცა უმრავლესობის წევრებად დარჩნენ.

„ოპოზიციას არ აქვს კონკრეტული, პრაგმატული და გამართული არგუმენტი ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ. კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ ჩიხიდან გამოსავალი გვაჩვენოს - ჩიხიდან, რომელშიც ვიმყოფებით, რადგან, ფაქტია, ამ დროის განმავლობაში ვერ ვახერხებთ გადაწყვეტილების მიღებას. ამაში თავისი ბრალი უნდა იპოვოს, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი კალანდარიშვილი ასრულებს. 2022 წლის 22 დეკემბერს გამართულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატიდან ერთ-ერთს, თამარ ალფაიძეს მხარი არცერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა, მეორეს, რევაზ ეგაძეს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა ხმა. შესარჩევ კონკურსში გიორგი კალანდარიშვილიც მონაწილეობდა, თუმცა პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა პარლამენტს არ წარუდგინა, რაც იმით ახსნა, რომ წინა ორ შემთხვევაში კალანდარიშვილმა ვერ შეძლო პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერის მოპოვება და შესაბამისად, თანამდებობაზე 6-6 თვიანი ვადით იყო არჩეული. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).