ყარაბაღელმა აქტივისტებმა სტეპანაკერტი-შუშის გზაზე კარვები გაშალეს და აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანის მიერ განთავსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის დემონტაჟსა და დერეფნის განბლოკვას, ასევე, ცეცხლის სრულად შეწყვეტას, მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და რეგიონიდან აზერბაიჯანის ჯარების გაყვანას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
როგორც გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ წერს, 3 მაისს აქციაზე დაახლოებით 60 ადამიანი შეიკრიბა. ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ.
„ახალგაზრდულმა მოძრაობამ, ხელმოწერების შეგროვებასთან ერთად, უვადო აქცია დავიწყეთ, რადგან საკონტროლო-გამშვები პუნქტის აღმართვა წითელი ხაზია. ჩვენ, არცახის [მთიანი ყარაბაღის] ახალგაზრდები საკონტროლო-გამშვები პუნქტის დემონტაჟის მოთხოვნით მივმართავთ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, ეუთოს მინისკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ხელმძღვანელებს, რუსეთის პრეზიდენტს, როგორც იმ ქვეყნის ხელმძღვანელს, რომელიც არცახში სამშვიდობო მისიას ასრულებს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, როგორც იმ მთავრობის მეთაურს, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად, არცახის უსაფრთხოების გარანტია“, - ციტირებს „კავკაზსკი უზელი“ აქციაზე ერთ-ერთი გამომსვლელის, დავით ბაღრიანის განცხადებას.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ლაჩინის დერეფანში, სადაც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადის, საკონტოლო-გამშვები პუნქტი აპრილის ბოლოს განათავსა. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით, პუნქტმა მათ ტერიტორიაზე „არალეგალური სომხური შეიარაღებული ჯგუფებისთვის ცოცხალი ძალის, იარაღის და ნაღმების უკანონო ტრანსპორტირება“ უნდა აღკვეთოს.
მას შემდეგ, რაც გზაზე კონტროლის განხორციელება სამართალდამცველებმა და სამხედროებმა დაიწყეს, ტერიტორია დატოვეს აზერბაიჯანელებმა, რომლებიც თავს „ეკო აქტივისტებს“ და „მოხალისეებს“ უწოდებდნენ. მათ მთიანი ყარაბაღის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა 2022 წლის 12 დეკემბრიდან ჰქონდათ ბლოკირებული.
აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, შექმნილია აუცილებელი პირობები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის „გამჭვირვალე და მოწესრიგებული“ გადაადგილება ლაჩინის გზის ორივე მიმართულებით. ამის მიუხედავად, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ დერეფანში გავლა კვლავ არ არის უსაფრთხო.
ამ ფონზე, ვაშინგტონში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 3 მაისს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, სომხეთის წარმომადგენელმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი.
„აზერბაიჯანის ქმედებები მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ, სიძულვილის ენა უმაღლეს დონეზე და ძალის გამოყენების ღია მუქარა მიუთითებს აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის ეთნიკური წმენდის განზრახვაზე და რეალურ საფრთხეზე“, - თქვა მირზოიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ვაშინგტონში, მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს დოკუმენტი და მასში წერია ის, რის შესახებაც მას საჯაროდაც უსაუბრია. ფაშინიანის თქმით, მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ ეს შესაძლოა სომხური მხარისთვის მიუღებელ პირობებსაც გულისხმობდეს. მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მაქსიმალურად დაბალანსებული გამოსავლის პოვნა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა და თქვა, რომ ეს რეალური იქნება, „თუ ორივე ქვეყანა მკაფიოდ, ბუნდოვანებისა და მახეების გარეშე, აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და აიღებს ვალდებულებას, არ წარუდგინონ ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები დღეს ან მომავალში“. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის ხელისუფლებისგან ითხოვს ოფიციალურ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ყარაბაღი აზერბაიჯანია“.