რაჭაში განსაკუთრებული სტატუსის დაცული ტერიტორია იქმნება, ხიდაშელს ლიცენზიას უუქმებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტოზე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ხელისუფლება რაჭაში განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის მქონე ტერიტორიის შექმნას გეგმავს, რომელიც რაჭის ტყეებს და სოფლების მიმდებარე ტერიტორიებსაც მოიცავს. მისივე თქმით, ამგვარი სტატუსის დაცული ტერიტორიის შექმნა ვერ იქნება თანხვედრაში რაჭის ტყეებთან დაკავშირებით უკვე გაცემულ ლიცენზიასთან და სამინისტრო მის გასაუქმებლად შესაბამის ზომებს იღებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც ნინო თანდილაშვილმა მედიასთან თქვა, ახალი დაცული ტერიტორიის მართვაზე პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტი იქნება და ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული ადგილობრივი მოსახლეობაც.

„არსებობს საზოგადოებაში კითხვა, რა ხდება რაჭაში არსებულ სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიასთან დაკავშირებით. ეს ლიცენზია დაახლოებით ერთი წლის უკან გაიცა, კონკრეტული პირობებით. ეს ტერიტორიები საკუთრებაში არ გადასცემია არავის. ეს ტერიტორიები დღესაც სახელმწიფო საკუთრებაშია. ჩვენ მაისის თვეში დავინახეთ, რომ ლიცენზიანტის მხრიდან არ სრულდებოდა სალიცენზო პირობები და ვალდებულებები. სახელმწიფომ, მოცემულ შემთხვევაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაატარა ყველა ზომა კანონმდებლობის შესაბამისად და დავიწყეთ დაჯარიმების პროცესი.

ჩვენი კანონმდებლობა კონკრეტულ მოთხოვნებს აწესებს, რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს ლიცენზიის მოქმედების ვადა და ამას გარკვეული ეტაპების გავლა სჭირდება. სახელმწიფო მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და არ შეიძლება, რომ საკუთარი სურვილისამებრ, კანონის მოთხოვნების უგულებელყოფით შევუწყვიტოთ ნებისმიერ ინვესტორს ნებისმიერი ლიცენზია და ნებართვა. ეს პროცესი გრძელდება.

განსაკუთრებული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება თავის მხრივ, გამოიწვევს ლიცენზიის მოქმედების ვადის გადახედვასაც. თუ ჩვენ ვსაუბრობთ განსაკუთრებული დაცულობის ტერიტორიის სტატუსის შექმნაზე, ეს ვერ იქნება თანხვედრაში ამ ტიპის საქმიანობასთან“, - განაცხადა თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარუდგენს, იქამდე კი აქტიურად იმუშავებენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან.

„ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი სტატუსის დაცული ტერიტორია, რომელიც იქ მცხოვრებ ადამიანებს ხელს არ შეუშლის თავისი ტრადიციული საქმიანობის განხორციელებაში, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაში და დამატებით ხელს შეუწყობს რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას, რაც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

უფრო მეტად გამოაცოცხლებს რაჭის რეგიონს, სადაც ჩვენ გვყავს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური მხარდამჭერი პროექტებით ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწიონ საგრანტო კომპონენტით

და ბუნებრივია, სახელმწიფოს ჩართულობაც მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა თანდილაშვილმა. მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „ნურავინ შეეცდება საკუთარ ძალისხმევად გაასაღოს მთელი პროცესი, რაც სამინისტროს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქვს დაწყებული“.

საქართველოს მთავრობამ რაჭასა და ქვემო სვანეთში, 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“  2020 წლის 23 მარტს გადასცა. ეს გადაწვეტილება, რომელსაც ხელისუფლება საგანგებოდ მალავდა, „მთის ამბებმა“ გაახმაურა. გამოცემას კანონით საჯარო დოკუმენტების მოსაპოვებლად სასამართლო დავის დაწყება დასჭირდა. „მთის ამბებმა“ გამოიძია, რომ აღნიშნული კომპანია სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორს, დავით ხიდაშელს ეკუთვნის. ხიდაშელისთვის გადაცემული ტყეები საქართველო-რუსეთის საზღვარს და რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ეკვრის.

ხიდაშელისთვის ნახევარი საუკუნით რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეების გადაცემის გადაწყვეტილება 2022 წლის ივლისში რაჭის სათემო ორგანიზაციამ და „მწვანე ალტერნატივამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს და მის გაუქმებას ითხოვენ. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა საქმის განხილვა ამ დრომდე არ დაიწყო.

„მთის ამბებმა“ 2023 წლის 17 ივლისს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება - რაჭის ტყეების ოკუპაცია, სადაც გამოვლენილია მრავალი კანონდარღვევა, ხიდაშელისთვის ტყეების გადასაცემად დოკუმენტების გაყალბების ფაქტები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.

24 ივლისს, „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურას მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ემზარ საბანაძისა და მისი პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის მიმართ, სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

26 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა თამარ კორძაიამ, თეონა აქუბარდიამ და ხათუნა სამნიძემ პრესკონფერენცია გამართეს და პროკურატურისგან დარღვევების გამოძიება მოითხოვეს. ისინი რაჭის ტყეების საქმის დეტალებს ადგილზე გაეცნენ და სოფლებში მოსახლეობასაც შეხვდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ იცავს სოფელ უწერაში მცხოვრები 30-მდე ოჯახის ინტერესებს, რომლებსაც ხიდაშელისთვის ტყეების გადაცემის შემდეგ, კერძო საკუთრებად რეგისტრირებული მამაპაპისეული მიწის ნაკვეთები დაუყადაღეს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

რამდენიმე კვირაა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და რაჭის საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები ონში უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. მათ კარავი ონის მერიის შენობასთან აქვთ გაშლილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.