რუსეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, როგორც კი ამისთვის „აუცილებელი წინაპირობები“ იარსებებს. ამ საკითხზე მორიგი განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
გალუზინის თქმით, სტაბილური კავშირები ქართველებისა და რუსების ინტერესებშია, რომელთაც, როგორც თავად ამბობს, „აერთიანებთ მეგობრობის და კეთილმეზობლობის საუკუნოვანი ტრადიციები, საერთო ისტორია, კულტურა, სულიერი ფასეულობები, მილიონობით ადამიანის ბედი“.
„ჩვენს ქვეყანაში ასობით ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და წარმატებით ახორციელებს თავის პოტენციალს. ასევე, ბოლო პერიოდში, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა იზრდება... რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, ჩვენ არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება“, - განაცხადა გალუზინმა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნოემბრის ბოლოს დანიშნა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „TASS-თან“ ინტერვიუში, მან აღნიშნა, რომ 2012 წელს მოსკოვმა უყოყმანოდ დაუჭირა მხარი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისაკენ თბილისის მიერ შეთავაზებულ კურსს.
„და აი, ახლაც, მიუხედავად რთული გარე სიტუაციისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა ვითარდება. მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.5-ჯერ გაიზარდა და 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობის პარალელურად, იზრდება ტურიზმი და ფულადი გზავნილები“.
გალუზინმა დიპლომატიურ ურთიერთობებთან დაკავშირებით დაამატა, რომ საქართველო აგრძელებს „მათი აღდგენის შესაძლებლობის შემოსაზღვრას პოლიტიკური მოთხოვნებით, რომლებიც რეგიონის ახალ რეალობას ეწინააღმდეგება“.
„ამგვარად, ბურთი კვლავ ქართულ მხარესაა“, - დასძინა რუსმა დიპლომატმა.
ბოლო პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე განყოფილების ხელმძღვანელმა, დენის გონჩარმაც გააკეთა. მიხაილ გალუზინის მსგავსად, მანაც „აუცილებელ წინაპირობებზე“ გაამახვილა ყურადღება.
რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2000 წელს ცალმხრივად შემოიღო. 2008 წელს, აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, შეწყდა რუსეთის მოქალაქეების უვიზოდ შემოშვებაც. 2010 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებთათვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, 2012 წლის მარტიდან კი აღნიშნული რეჟიმი რუსეთის ყველა მოქალაქეზე გავრცელდა. იმავე თვეში, აგვისტოს ომიდან პირველად, რუსეთმა საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესთავაზა. „სანამ მოსკოვი განაგრძობს ქართული პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, საქართველოს „შეუძლებლად“ მიაჩნია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა“, - ასე უპასუხა თბილისმა მოსკოვის შეთავაზებას.
2019 წლის ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაც არ არსებობს. პირდაპირი ფრენები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეწყდა, რასაც წინ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართული საპროტესტო გამოსვლები უძღოდა.