ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა რუსეთთან კომუნიკაციის განვითარებას ცდილობს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესკალაციისა და დაძაბულობის წყაროა. არძინბამ ამ საკითხზე რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 4 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 5 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
- 6 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ელიტებს შორის კონფლიქტია - ერთ მხარეს პრეზიდენტია და მეორე მხარეს მთავრობა. ვხედავთ, რომ მთავრობა ცდილობს გაჭირვების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, განათლების, ჯანდაცვის საკითხების მოგვარებას, ხოლო პრეზიდენტი დიდ წილად დაკავებულია იდეოლოგიური ურთიერთობებით.
საქართველოს ხელისუფლება არ წყვეტს ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, ცდილობს კომუნიკაციის განვითარებას სწორედ იმისთვის, რომ შიდა ეკონომიკური ამოცანები გადაწყვიტოს. ჩვენ ამას მშვენივრად ვხედავთ. ალბათ, ეს პრაგმატული, ნორმალური პოზიციაა. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომელიც უფრო ესკალაციით არის დაკავებული და საქართველოს პრეზიდენტი დღეს წარმოადგენს ესკალაციის, დაძაბულობის წყაროს“, - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.
ინალ არძინბას თქმით, აფხაზეთში აქვთ გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისთან აქვს კომუნიკაცია სალომე ზურაბიშვილს.
„უეჭველია, აქტიურად მუშაობს ამერიკის საელჩო თბილისში, რომელიც, სხვათა შორის, კოორდინირებს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის მუშაობას და ჩვენ ეს მშვენივრად ვიცით. არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საელჩოს კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ამ პირობით ჯგუფშია და რასთან მიგვიყვანს ეს? იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია სტაბილურად განვითარდება, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ იყო გარკვეული არასასიამოვნო სიგნალები პარლამენტის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს. ჩვენ გვახსოვს, რომ პარლამენტმა ის ჯერ გამოიტანა, შემდეგ კი დღის წესრიგიდან მოხსნა და ვხედავთ, რომ არასამთავრობოები ძალიან აქტიურები არიან. ეს ჩვენ გვახსენებს უკრაინის სიტუაციას, როდესაც იქმნება საზოგადო მოღვაწეეების, ჟურნალისტების, ბლოგერების კრიტიკული მასა, რომლებიც ანტირუსულ პოზიციებს გამოხატავენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია სამართლებრივ ჩარჩოებში განვითარდება“, - თქვა ინალ არძინბამ.
ცოტა ხნის წინ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება და ოპოზიცია უარყოფითად გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას ევროპარლამენტში. 31 მაისს, ბრიუსელში, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ განაცხადს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლების სახელითაც აკეთებს, რადგან ეს მომავალი ერთადერთია, რომელიც მათ თავისუფლებას, დაცვასა და იდენტობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა წინა დღეს სოხუმში გამართული აქციის მონაწილეებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ მოწოდებით: ,,აფხაზეთი არ იყიდება, ჩვენ რუსებს არ დავუთმობთ!“ სოხუმიდან საქართველოს პრეზიდენტს ურჩიეს, რომ მას „ასე აწუხებს აფხაზეთის მოქალაქეების ბედი, გავლენა მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე, რათა გაფორმდეს შეთანხმება აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ“. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აფხაზეთში ანტირუსული განწყობები არ არსებობს.