ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. 31 მაისს, ევროპარლამენტში გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებისთვისაც არის და დგას სოხუმში გამართული აქციის მონაწილეთა გვერდით, რომლებიც პროტესტს მოწოდებით - „აფხაზეთი არ იყიდება“, „ჩვენ რუსეთს არ დავუთმობთ!“ გამოხატავენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„გვინდა ქალბატონი ზურაბიშვილის ყურადღება გავამახვილოთ სუვერენული აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩარევის დაუშვებლობაზე“, - ამბობს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვიქტორია მალანია. „გარდა ამისა, თუ სალომე ზურაბიშვილს ასე აწუხებს აფხაზეთის მოქალაქეების ბედი, ვურჩევთ, გავლენა მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე, რათა გაფორმდეს შეთანხმება აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ. რა შეიძლება იყოს უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი, ასე არ არის?“.
სალომე ზურაბიშვილს 30 მაისს, სოხუმში გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმაც უპასუხეს. ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, აფხაზეთში ანტირუსული განწყობების არსებობა უარყვეს და თქვეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, სასურველი რეალობად გაასაღოს.
„მანიპულაცია ქართველი პოლიტიკოსების საყვარელი საქმეა, რომლის მიზანია აფხაზეთსა და რუსეთს შორის ჩამოყალიბებულ, ძლიერ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ბზარი გააჩინოს. აფხაზეთის რესპუბლიკაში არ არის და არ იქნება ანტირუსული განწყობები არც საზოგადოებრივ და არც პოლიტიკურ სივრცეში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები - „აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“, „არუაა“, „ვეტერანთა და ახალგაზრდობის კავშირი“, „აამტა“, „ერთობა“ და პოლიტიკური პარტიები „აფსნი“ და „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი“.
მათ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ თუ ის „ასე ძალიან ზრუნავს აფხაზეთის მოქალაქეებზე და მათ უფლებებზე“, უფლებამოსილია გამოვიდეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმების ინიციატივით და დაიწყოს აფხაზეთის სახელმწიფოს, აფხაზური პასპორტების აღიარება.
30 მაისს, სოხუმში, აფხაზეთის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და ე.წ. მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას არა მხოლოდ მთავრობის გადაყენებისკენ მოუწოდებენ, არამედ ითხოვენ რეფორმების საბჭოს შექმნას, „საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზების“ შესახებ ბრძანების გაუქმებას, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე უარის თქმას და რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემაზე დადებული შეთანხმების უკან გაწვევას. ე.წ. ოპოზიცია აქციების გაგრძელებას აპირებს იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
