„რუსული კანონის“ განმეორებით დაანონსებას საერთაშორისო მედია ეხმაურება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

Reuters-ის ფოტო

ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის განმეორებით დაანონსებას საერთაშორისო მედიაც გამოეხმაურა. ამერიკული Barron's და Politico, ბრიტანული Reuters და გერმანული bne intellinews „უცხოური გავლენის აგენტის“, იგივე „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ შესახებ კანონპროექტზე წერენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ამერიკული ყოველკვირეული გაზეთი და ინტერნეტ-გამოცემა Barron's კანონს რეპრესიულს უწოდებს, ხოლო მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას - მოულოდნელს.

„წინადადება, რომელიც დაიგმო ევროკავშირის მიერ და რომელსაც ათასობით მოქალაქის პროტესტი მოჰყვა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, თბილისში კვლავ დაინიცირდა. კანონი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ცალკეული ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით სარგებლობენ. ის ზუსტი ასლია კრემლში მიღებული „უცხოელი აგენტის“ კანონის, რომელიც განსხვავებული აზრის დასახშობად გამოიყენებოდა.”

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ტერმინს „უცხოური აგენტი“ საბჭოთა პერიოდის კონოტაციები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები მოღალატეები და სახელმწიფოს მტრები არიან.

გარდა „კოსმეტიკური ცვლილებისა“, კანონპროექტის ყველა დანარჩენი ნაწილი უცვლელი რჩება, აღნიშნულია სტატიაში.

„საქართველოს მმართველი პარტია აბრუნებს რუსული სტილის სადავო კანონს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ” - ამ სათაურით სტატიას „პოლიტიკო” აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ინიციატივა „სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების შეზღუდვების გამკაცრების მცდელობაა.”

„პოლიტიკო“ ყურადღებას გასულ წელს საერთაშორისო გამოხმაურებაზეც ამახვილებს: „ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა მაშინ განაცხადა, რომ კანონი შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან, სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.”

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მედიაორგანიზაცია „როიტერსმა“ დაწერა, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლელი კრიტიკოსები „ავტორიტარულ ტენდენციებსა და რუსეთთან ზედმეტ სიახლოვეში ადანაშაულებენ”.

„პარტია დააარსა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ქვეყნის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, რომელსაც მასზე კვლავაც უდიდესი კონტროლი აქვს,“ - ვკითხულობთ სტატიაში.

ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო მედია bne IntelliNews მკითხველს ახსენებს საქართველოს მმართველი პარტიის მიერ დადებულ პირობას, რომ მსგავს ინიციატივას აღარ განახორციელებდა და წერს, რომ პირველ ჯერზე კანონპროექტის წარდგენამ ხალხში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პროტესტი გამოიწვია. სტატიაში ნახსენებია, რომ დეკემბერში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ხელისუფლებამ „კიდევ ერთი რუსული სტილის გეგმა“ დააანონსა იმის ასაკრძალად, რასაც ისინი „ლგბტქ+ პროპაგანდას უწოდებენ.

გერმანული გამოცემა წერს, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი, კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებად მიიჩნევენ.

მმართველი პარტია აპირებს, პარლამენტის მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვეს. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. დღეს გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ. „არავითარ შემთხვევაში. ეს ძალიან პრინციპული საკითხია“, - თქვა მდინარაძემ. დღემდე „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ და ეს საკითხი დახურული იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).