საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, თუმცა სამინისტრო სააკაშვილს სთავაზობს, უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს, რომელიც მის მკურნალობაში ჩაერთვება. მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია პატიმრის შესაძლო მოწამვლის შესახებ, სამინისტრომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა, თუმცა სააკაშვილმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
„მედიკამენტებს, მას, ბუნებრივია, აწვდის სამედიცინო პერსონალი. შესაბამისად, თუკი ვინმე ბედავს და ექიმზე განაცხადებს, რომ მან შეიძლება ვინმე მოწამლოს, არის სრულიად ამორალური. რაც შეეხება საკვებს, მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რასაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები. ესენი არიან ოჯახის წევრები და სხვა ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებზეც მან განაცხადა თანხმობა.
დღეს ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. უნდა შევახსენოთ ყველას, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. კანონის წინაშე თანასწორობა − ეს არის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ პირზე და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გაყვანა საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ შეთავაზებას, რომ ნებისმიერ უცხოური კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მიკურნალობაში.
თუ საუბარია სასჯელის გადავადებაზე, მგონი, მინიმუმ ასჯერ გვაქვს განცხადება გაკეთებული, რომ უნდა მიმართონ სასამართლოს შესაბამისი დასკვნის, ექსპერტის დასკვნის საფუძველზე და ამაზე მსჯელობს სასამართლო, შემდგომში გადაუვადდეს სასჯელი თუ გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან. სხვა ბერკეტი ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს“, - თქვა მინისტრმა.
ბრეგაძემ ისაუბრა იმ მიზეზებზეც, რის გამოც, გუშინ, 28 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო პროცესზე არ გადაიყვანეს:
„სამედიცინო პერსონალმა არ გაუწია რეკომენდაცია მის გადაყვანას სასამართლოში და ჩვენ, შესაბამისად, დავემორჩილეთ ამ რეკომენდაციას. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მსგავსი ტიპის პრაქტიკა, მსჯავრდებული გადიოდეს სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში, არ არის ბუნებაში და საავადმყოფოში ის იმყოფება იმიტომ, რომ იმკურნალოს. შესაბამისად, სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული. სასამართლოში გასვლა მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში“.
ჟურნალისტებმა იუსტიციის მინისტრს ჰკითხეს, რატომ ახლა არ საჯაროვდება ვიდეომასალა მიხეილ სააკაშვილის პალატიდან, როცა არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი.
„წინა შემთხვევაში, როდესაც გასაჯაროვდა ის კადრები, დეტალურად იყო ახსნილი - გარკვეული ძალებისგან იყო მცდელობა, რომ საზოგადოებაში შეეტანათ განხეთქილება, დაწყებული იყო შესაბამისი გამოძიებაც და აქ რისკები იყო უკვე საკმაოდ მაღალი სახელმწიფო უსაფრთხოებასთან მიმართებაში“, - უპასუხა მინისტრმა.
„ჩვენთვის როგორც ცნობილი გახდა, დაახლოებით 300-მდე ელექტროსიგარეტი მოიხმარა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა დიდი რაოდენობით ელექტროსიგარეტის მოხმარებამ ხომ არ გამოიწვია“, - ჰკითხა რატი ბრეგაძეს POS TV-ის ჟურნალისტმა.
„კონკრეტულად რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით თუ უარყოფით შედეგს, ამასთან დაკავშირებით მე, როგორც არაექიმს, პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა ეგ ინფორმაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იგი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს“, - განაცხადა მინისტრმა.
28 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა სააკაშვილის სასამართლოში ტრანსპორტირებაზე უარი თქვეს.
ცენტრი „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ინტოქსიკაციაა და შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალება ნებისმიერ მომენტში.
მანამდე, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა და დედამ, გიული ალასანიამ გაავრცელეს. როგორც მათ თქვეს, უცხოელმა ექსპერტებმა სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალი და სხვა მძიმე მეტალები აღმოაჩინეს. ამის შემდეგ სააკაშვილის სახელით სოციალურ ქსელში განცხადება გავრცელდა, სადაც მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მოწამვლაზე ეჭვი არასდროს არცერთ ადვოკატთან არ გამოუთქვამს და ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა.