თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის მსჯავრდებულებს, გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის საფუძველზეც წარუაშვილმა და მაღრაძემ ციხეში 1 წელი და 3 თვე გაატარეს, პროკურატურამ გაასაჩივრა. მოსამართლე ნათია ბარბაქაძის განაჩენით, ისინი სასჯელს კიდევ 1 წელი და 9 თვე მოიხდიან.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გიორგი მაღრაძე, რომლიც სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, ადგილზე დააკავეს. გიორგი წარუაშვილი პროცესზე არ გამოცხადდა. როგორც საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ განაცხადა, მის მიმართ სამძებრო ღონისძიებები გატარდება.
„მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში დამატებითი მტკიცებულების სახით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა და გამოიკვლია აღნიშნული მტკიცებულება, მოითხოვა წარდგენილ ბრალდებებში, რაც გულისხმობდა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ჯგუფურად, დამნაშავედ ყოფილიყვნენ ცნობილი ზემოთ აღნიშნული პირები. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და თითოეულ მათგანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - თქვა პროკურორმა.
ადვოკატები აპირებენ, განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ, რადგან მიიჩნევენ, რომ ის უსამართლო და არაკანონიერია.
„მუხლი ითვალისწინებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მოსამართლემ კიდევ ერთი წელი დაუმატა. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს განაჩენი დამდგარაია არა სამართლიანი სასამართლოს პრინციპით, არამედ პოლიტიკური შეკვეთით“, - თქვა ანა ჟღენტმა, რომელიც გიორგი მაღრაძის ინტერესებს იცავს.
დანარჩენი ხუთი პირის - ზაზა ჭაავას, მურად დევლარიშვილის, გენო გერმანიშვილის, გიორგი ხეჩუაშვილს და თედო ბურდულის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები უცვლელი დარჩა.
საქმის ეს ეპიზოდი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „რუსთავი 2“-ის, „ნიუ პოსტის“ და „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ძალადობას ეხებოდა.
ოპერატორი ილია თვალიაშვილი ერთ-ერთია მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს შორის, რომლებზეც ძალადობრივი ჯგუფების წევრებმა იძალადეს. ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე გამოსვლის დროს ოპერატორი ამბობდა, რომ დაახლოებით 15-მდე ადამიანმა სცემა, რის გამოც მხედველობა დაუზიანდა: „პოლიციას რომ არ გავეყვანე, დამერწმუნეთ, ისე მომკლავდნენ, ვერცერთი ვერ გაიგებდა ვერაფერს, ისე გამეტებით მირტყამდნენ. ძირს რომ დავვარდი, პოლიციის მანქანაში მოვედი გონს და შემდეგ არაფერი მახსოვს საავადმყოფომდე... ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ფაქტობრივად, ტელევიზიაში სამუშაოდ ვარ გასული, მაგრამ პენსიაზე ვარ. ამ ინციდენტის შემდეგ სათვალე მიკეთია, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ. უამრავ აქციაზე მაქვს ნამუშევარი, მაგრამ მსგავსი არასდროს ყოფილა“.
5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან.
ამ თემაზე:
გარემო სულ უფრო მტრული ხდება - საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში 77-ე ადგილზეა
