თითქმის 22 საათია, თბილისის სააპელაციოში ხმების ფარულობის საქმე განიხილება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისის სააპელაციო სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და კვლავ გრძელდება. პროცესი გუშინ, 6 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე დაიწყო. დღეს გახდება ცნობილი დატოვებს თუ არა მოსამართლეთა კოლეგია ძალაში თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომლითაც თეთრიწყაროსა და წალკის ოლქებში შემავალი 30 უბნის შედეგები, ხმის ფარულობის დარღვევის გამო, გაბათილდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხება და სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოლაცია „ჩემი ხმის“ 14 საჩივარი, დაახლოებით 150-მდე უბნის შედეგების ბათილობაზე. ყველა საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია - დიმიტრი გვრიტიშვილის, დავით ახალბედაშვილისა და გოჩა დიდავას შემადგენლობით. კოლეგიამ არასამთავრობო ორგანიზაციების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის არც მოსამართლე გვრიტიშვილის აცილებისა და საქმეების გამიჯვნის შესახებ.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა საიას 12 საქმე (40-მდე ოლქის წინააღმდეგ) და კოალიცია „ჩემი ხმის“ საქმეები.  პროცესის დაწყებისას, ვიშუამდგომლეთ, რომ საქმეები გამიჯნულიყო, რადგან ამ მოცულობის საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება არ იყო გონივრული და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას გამოიწვევდა. ასევე დავსვით კითხვები, როდესაც საჩივრები თავდაპირველად სხვადასხვა მოსამართლეს დაეწერა, რატომ მოხდა მათი გაერთიანება.

დიმიტრი გვრიტიშვილმა გვიპასუხა, რომ რადგან სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციაა, არ იქნებოდა სწორი,  ერთგვაროვან მოთხოვნებზე სხვადასხვა მოსამართლეს მიეღო გადაწყვეტილება, რადგან პრაქტიკა სხვადასხვაგვარი ვერ იქნებაო. ამით ფაქტიურად აღიარა, რომ სხვადასხვა მოსამართლესთან ამ საქმეების განხილვისას ალბათობა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილებები მიგვეღო, არსებობდა.

ახლა, როდესაც ეს პროცესი ჯერ ისევ გრძელდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ დასავლეთ საქართველოში ხმის ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა.

რა თქმა უნდა, სისტემა არ დაუშვებს, რომ განსხვავებული პრაქტიკა არსებობდეს დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სააპელაციო სასამართლოების დონეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებაც გამოცხადებულია. თუმცა, ფორმალურად პროცესი გრძელდება და მივყვებით ეტაპებს“, - ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, ყველა სხვა რაიონული სასამართლოსგან განსხვავებით, პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და თეთრიწყაროსა და წალკის 30 საარჩევნო უბნის (ელექტრონული) შედეგები ბათილად ცნო. მოსამართლემ საქმის განხილვის დროის მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩაატარა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ აპარატში ბიულეტენების მოთავსებისას, გაკეთებული არჩევანი ხილვადია. 

მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაასაჩივრა. ცესკო მიიჩნევს, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო, მისი გადაწყვეტილება კი დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ცესკოს შუამდგომლობა და თეთრიწყაროს სასამართლოში ჩატარებული ექსპერიმენტი საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო. სასამართლომ ექსპერიმენტი ხელახლა ჩაატარა, რათა ენახა, ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურებისას ნამდვილად ჩანდა თუ არა ამომრჩევლის მიერ გამოვლენილი ნება. ცესკოს თანამშრომლების შემდეგ ექსპერიმენტში მონაწილეობა მოსამართლე ახალბედაშვილმა მიიღო და როგორც საიას იურისტი ამბობს, მისი არჩევანი ყველამ დაინახა, თუმცა მოსამართლე გვრიტიშვილმა ეს არ ჩათვალა. „ექსპერიმენტი დასრულდა, როდესაც ჩვენს მიერ განსაზღვრული პირის [ცესკოს თანამშრომლის] მიერ მოხდა ბიულეტენის მოთავსება“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.