2022 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა. საჯარო დაწესებულებები განსაკუთრებით მალავენ შიდა აუდიტის ანგარიშებს, ხელმძღვანელების მრჩევლებად დანიშნული პირების კონტრაქტებს, ბიუჯეტიდან ჩინოვნიკების მიერ მიღებული დახმარებების შესახებ ინფორმაციას, რუსეთის მოქალაქეებზე დარეგისტრირებული უძრავი ქონების თაობაზე მონაცემებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 374 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 7582 მოთხოვნიდან, პასუხი მხოლოდ 4385 განცხადებაზე (58%) მიიღო. ეს 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია. 69 საჯარო დაწესებულებამ ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ IDFI-ის 33 წერილიდან არცერთ მოთხოვნას არ უპასუხა. ეს მას შემდეგ ხდება, რაც 2021 წლის 16 მარტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. წინა წლებში, წულუკიანის მინისტრობის დროს ყველაზე დახურულ უწყებად სახელდებოდა იუსტიციის სამინისტროც.
„თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრობის პერიოდი უარყოფითად აისახა სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხზეც. მაგალითად, სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ 2021 წლის 16 მარტის შემდეგ პასუხი არცერთ მოთხოვნაზე აღარ გაუცია. 2022 წელს, როგორც სამინისტროდან, ასევე სააგენტოდან IDFI-ს პროექტის ბენეფიციარმა ინფორმაციის მიღება შეძლო მხოლოდ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდგომ“, - ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, 23 განცხადებით მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს და საჯარო ინფორმაცია ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღო.
კიდევ უფრო გაუარესდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის მაჩვენებელი - IDFI-ის მიერ გაგზავნილი 74 მოთხოვნიდან, მთავრობის ადმინისტრაციამ 58 უპასუხოდ დატოვა. ცალკეულ მოთხოვნებს კი პასუხი მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ გასცეს.
270 საჯარო დაწესებულებიდან, რომლებსაც სტანდარტული შინაარსის მოთხოვნა გაეგზავნათ, 41%-მა (110 საჯარო დაწესებულებამ) ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა. მათ შორის, ყველაზე მეტმა უწყებამ უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა შიდა აუდიტის ანგარიშების მიწოდებაზე.
რიგით მეორე დახურული ინფორმაცია დაკავშირებულია საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანელის მრჩევლების პოზიციაზე დასაქმებულ პირებთან - არ ასაჯაროვებენ გაფორმებულ ხელშეკრულებებსა და მრჩევლების ბიოგრაფიულ მონაცემებს (СV).
რიგით მესამე ყველაზე დახურული ინფორმაცია უკავშირდება საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან თანამშრომლებმა, მათ შორის თანამდებობის პირებმა სახელისა და გვარის მითითებით რა სოციალური დახმარება მიიღეს.
IDFI-ის თანახმად, ბევრმა უწყებამ უპასუხოდ დატოვა ან სამართლებრივად დაუსაბუთებელი უარი თქვა ისეთი ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც უშუალოდ მათი საქმიანობის სპეციფიკასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, მთავრობის ადმინისტრაციამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვეს უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეებზე დარეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე.
IDFI ასკვნის, რომ 2022 წელს საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის მაჩვენებელი 19%-ით შემცირდა და 35% შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. 2022 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით მხოლოდ 9 საჯარო დაწესებულებამ გასცა.
2022 წელს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 56 ადმინისტრაციული საჩივრი და 16 ადმინისტრაციული სარჩელი მოამზადა. დავის სამართლებრივი სიმარტივის მიუხედავად, სასამართლომ წარმოებაში მიღებულ ყველა საქმეზე განხილვის ვადა 5 თვით გაახანგრძლივა.
ორგანიზაციის განცხადებით, 2022 წელს არაანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებების სიმრავლემ და ინფორმაციის თავისუფლებისადმი მასობრივად არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ, საქართველოს საჯარო სექტორში დამკვიდრებული დახურულობის სისტემური მიდგომა წარმოაჩინა:
„მოკლევადიან პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაურესების არსებული მასშტაბი აჩენს მნიშვნელოვან ეჭვებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეზღუდოს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლება“.
ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს (პარლამენტის აპარატი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები) შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (95,36%) და პარლამენტის აპარატმა - (85,39%).
2022 წლიდან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უკიდურეს გაუარესებაზე მეტყველებს „საქართველოს ამბების“ პრაქტიკაც. გასულ წელს 400 განცხადებიდან 106-ზე საჯარო ინფორმაცია საერთოდ ვერ მივიღეთ, მათ შორის, ვერც მაქსიმალურ ვადაში, რის გამოც სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას 75 ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ, სასამართლოში კი 13 სარჩელი წარვადგინეთ.