ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მეოთხე სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმე“) გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
სასამართლომ ერთხმად დაადგინა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა: სიცოცხლის უფლება (მუხლი 2); წამების/არასთანადო მოპყრობის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლის პირველი ნაწილი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი). გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი ჰქონდა მიმოსვლის თავისუფლების, საკუთრებისა და განათლების უფლების დარღვევას.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბორდერიზაცია“, რომელსაც „2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობად“ მოიხსენიებენ, ადამიანებს ხელს უშლის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებს შორის ადმინისტრაციული საზღვრების თავისუფლად გადაკვეთაში.
საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს მიმართა და ამტკიცებდა, რომ ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის მცდელობისას, ადგილი ჰქონდა ეთნიკური ქართველების მკვლელობას, დაკავებას ან/და არასათანადო მოპყრობას „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გამო. გარდა ამისა, ადამიანებს ჩამოერთვათ მიწები, რომლებსაც ამუშავებდნენ, ოჯახები გაიყო და ბავშვები იძულებულნი გახდნენ, არჩევანი გაეკეთებინათ რუსულ ენაზე განათლების მიღებასა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლაში მისასველად გრძელი გზის გავლას შორის.
სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა იურისდიქცია განეხილა საქართველოს მთავრობის საჩივარი 2009 წლიდან, როდესაც „ბორდერიზაციის“ პროცესი დაიწყო, 2022 წლის 16 სექტემბრამდე, როდესაც რუსეთმა ევროპული კონვენციიდან გასვლის შესახებ განაცხადა.
საქართველოს მთავრობამ სასამართლოში 109 სავარაუდო მსხვერპლის სია წარადგინა, რომელთაგან სულ მცირე 70 სასამართლომ განიხილა. მათ შორის იყო აფხაზეთში მცხოვრები შვიდი ეთნიკურად ქართველის დაღუპვა იმ დროს, როცა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას ალტერნატიული მარშრუტებით ცდილობდნენ, რათა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსია აეღოთ ან მედიკამენტები შეეძინათ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ე.წ. საზღვრის „არალეგალურად გადაკვეთისას“ დაკავებისა და დაპატიმრების 2800-ზე მეტი შემთვევა დადასტურებული იყო.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა ასასამართლომ დაადგინა, რომ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები - მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის ცნობები და საერთაშორისო მასალები - გონივრულ ეჭვს მიღმა დასკვნის გასაკეთებლად, რომ სავარაუდო ინციდენტები იყო არა იზოლირებული, არამედ საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული იმისთვის, რომ წარმოადგენდეს დარღვევათა ნიმუშს ან სისტემას. უფრო მეტიც, სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლება ტოლერანტული იყო ასეთ პრაქტიკის მიმართ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე „ბორდერიზაციის“ პროცესის უკანონობას.
„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ძალიან მძლავრი სამართლებრივი იარაღი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ნებისმიერი დარღვევა, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სრულად შეერაცხება რუსეთის ფედერაციას და პასუხისმგებელია ეს სახელმწიფო“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
2007 წლის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში კიდევ სამი საჩივარი ჰქონდა შეტანილი, რომელთაგან ორზე გადაწყვეტილებები უკვე გამოცხადდა. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციით, 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტთან ან ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით 200-მდე ინდივიდუალური საჩივარია წარდგენილი საქართველოს, რუსეთის ან ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ.
2023 წელს, სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული საქართველოს 24 000-მდე მოქალაქის სასარგებლოდ, 129 827 500 ევროს გადახდა დააკისრა.
რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გასულია და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე უარს აცხადებს.