„საქართველოს ცა იქნებოდა დაცული“ - ალასანია ჰყვება, რა უძღოდა წინ ე.წ. კაბელების საქმეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გახდა 2014 წელს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებასა და თანამდებობიდან მისი გადაყენების მიზეზი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ირაკლი ალასანია ამბობს, რომ 2013-2014 წლებში, საფრანგეთის იმდროინდელ თავდაცვის მინისტრთან, ჟან-ივ ლე დრიანთან მიაღწია შეთანხმებას საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის, „Aster-30“-ის მიყიდვის შესახებ, თუმცა, პარიზში მემორანდუმზე ხელის მოწერამდე ერთი დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილმა შეთანხმების ჩაშლა მოითხოვა. ალასანიას თქმით, მან მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა, მეორე დღეს კი, მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს ხუთი უდანაშაულო თანამშრომელი დააკავეს.

„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ირაკლი ალასანია ჰყვება:

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად 2008 წლის ომის მერე, უსიტყვო ემბარგო იყო საქართველოზე რომ მიეყიდათ დასავლეთის ქვეყნებს ლეტალური იარაღი, თავდაცვის იარაღიც. ამის გარღვევას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა და გეტყვით, ადამიანური ურთიერთობებიც რამდენ რამეს წყვეტს თანამედროვე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებში: NATO-ს მინისტერების ერთ-ერთ შეხვედრაზე, მე მქონდა შეხვედრა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან, ლე დრიანთან, ძალიან ღირსეული და სერიოზული კაცია. მაშინ ამიხსნა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უნდოდა და აუცილებელი იყო, რომ ევროპული ძალები წასულიყვნენ სამშვიდობო მისიით, მაგრამ ვერ კრებდა ევროპელებს და მთხოვა, რომ ხომ არ განიხილავდა საქართველო შესაძლებლობას, კონტინგენტი გაეშვა. ეს იყო 2013 წელი.

ბუნებრივია, მე საქართველოს ჯარის გაშვებას საერთაშორისო მისიებში ასე მარტივად არ ვუყურებდი, ვიცი, რა პასუხისმგებლობაა და ვუთხარი, რომ შეიძლებოდა განგვეხილა ეს საკითხი.

რა თქმა უნდა, შემდეგ ეს შევათანხმე მთავრობასთან, ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, მაგრამ საქართველოს აქედან უნდა მიეღო რაღაც. მან მკითხა, რა შეიძლება გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროსო. საქართველოს აკლია ბევრი რამ თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ გვინდა საჰაერო თავდაცვა, რომ საქართველოს ცა იყოს დაცული. მათ, ფრანგებს, ამერიკებელბის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო საჰაერო თავდაცვა აქვთ. არის ასეთი „ასტერ-30“ სისტემა, რომლითაც იცავენ თავად ფრანგები პარიზს და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. დაფიქრდა და მითხრა, რომ შეათანხმებდა იმდროინდელ პრეზიდენტთან. ოლანდი იყო მაშინ.

გავიდა გარკვეული დრო, დამირეკა და მთხოვა შეხვედრა ისევ. ამ შეხვედრაზე თქვა, რომ ამის შესაძლებლობა არის. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პირველი ევროპული სახელმწიფოსგან ამასთან დაკავშირებით და თუკი თქვენც თანახმა ხართ, რომ მიიღოთ მონაწილეობა, შეიძლება ეს გარიგება შედგეს.

ბუნებრივია, ეს შეთანხმებული იყო ყველა ჩვენს შესაბამის სტრუქტურასთან, პარლამენტთან, მთავრობის წევრებთან და პრემიერ-მინისტრთანაც. ამას დასჭირდა დაახლოებით ერთი წელი.

აქ მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი ბიუჯეტური პრობლემებიდან გამომდინარე, იმაზეც წამომყვნენ ფრანგები, რომ კრედიტით გვაძლევდნენ ამ სისტემას და ჩვენ გადახდა დაახლოებით 7 წლის მერე გვიწევდა. ე.ი. 2013-2014 წელს ეს პროექტი რომ დაგვეწყო, 2021 წლისთვის საქართველოს ცა, მთელი ჩვენი ინფრასტრუქტურა იქნებოდა დაცული.

საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვია საქართველოს, შედგა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელსაც მე ვესწრებოდი და იქ საბოლოოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება გაფორმდა. შემდეგ ჩაინიშნა დღე, როდესაც უნდა ჩავსულიყავი, შევხვედროდი ამ სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს და გაგვეფორმებინა შეთანხმება.

ზუსტად წინა დღით, თუ არ ვცდები, იყო ნოემბერი 2014 წლის, მაქვს ზარი საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირისგან და მთხოვდა, რომ იქნებ თავი შემეკავებინა ხელმოწერისგან. ჯერ ერთი, ეს ჩვენი იმიჯისთვის იქნებოდა ძალიან დიდი დარტყმა, რომ ყველასთან შეთანხმებულ შეთანხმებაზე უარი მეთქვა მე თვითონ, ვინც ვითხოვდი ამ შეიარაღებას. მეორე, ვუთხარი, რომ ყველასთან შეთანხმებულია და ვინ დარჩა გადაწყვეტილების მიმღები, ვინც შენ გთხოვს, რომ მე არ მოვაწერო ხელი. ამიტომ, უარი ვუთხარი. პრემიერ-მინისტრი ითხოვდა, მაშინ ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ, ბუნებრივია, იგულისხმებოდა, რომ ამას ითხოვდა ივანიშვილი.

მეორე დღის 5-6 საათზე, ვიდრე იქ, პარიზში გათენდებოდა, დააკავეს ეს ხუთი, აბსოლუტურად უდანაშაულო თანამშრომელი თავდაცვის სამინისტროსი რომ ჩემზე ზეწოლა ყოფილიყო, რომ მე არ მომეწერა ხელი.

მე რომ ხელი არ მომეწერა ამ შეთანხმებაზე, იქნებოდა ყველაფრის ღალატი - ამ ბიჭების ღალატიც, ჩვენი ღირსებიც ღალატიც, თავდაცვისუნარიანობისთვის ამხელა შესაძლებლობის შეძენის ღალატიც და ამიტომ, მაინც მოვაწერე ხელი, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ პრაქტიკულად, უნდა წავსულიყავი მთავრობიდან.

ეს ხელმოწერილი მემორანდუმი, რასაც შეთანხმება უნდა მოჰყოლოდა, დღესაც ძალაშია, რადგან შემდეგ უკვე ეს თავდაცვის მინისტრი გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთ ფორუმზე შევხვდი და მითხარა, რომ ჩვენი შეთანხმება ისევ ძალაშია, თუკი საქართველოს უნდა, რომ ეს განხორციელდეს. ანუ, ფანჯარა დატოვებულია. დღესაც შეუძლია საქართველოს მიიღოს ეს...

მინდა აგიხსნათ, რა დავკარგეთ ამით: როდესაც ჰაერი დაცული გაქვს, თავდაცვისუნარიანობისთვის შენს შეიარაღებულ ძალებს აქვს მეტი შესაძლებლობა, მით უმეტეს, ჩვენი რელიეფის გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საგარეო აგრესიისგან შემაკავებელი ფაქტორი. თავი რომ დავანებოთ რუსეთს. ჩვენს რეგიონშიც, ჩვენს მეზობლებშიც, შენ უნდა გქონდეს ისეთი თავდაცვა, რომ ყველამ იცოდეს, რომ შენზე ხელაღებით, აგრესიით წამოსვლა ძალიან ძვირი დაუჯდება. ეს, რა თქმა უნდა, შენს ჯარსაც აძლევს ძალიან დიდ სტიმულს, როდესაც ჰაერი დაცულია, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყანა.

ამიტომ, ეს იყო, ჩემი აზრით, უპატიებელი შეცდომა, რომელიც იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა.

2021 წლისთვის ეს სისტემა იქნებოდა გამართული, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება ბევრად უფრო დაცული. ამას ხომ ეკონომიკაც ებმის, როდესაც იციან რომ ქვეყანა დაცულია, პატივს სცემენ, იქ ბიზნესიც უფრო სტაბილურად ვითარდება. ამიტომ ამაზე ბევრი რამეა მიბმული“.

თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი - გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე და გიორგი ლობჟანიძე 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს, როდესაც თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით ევროპაში იმყოფებოდა. პროკურატურამ მათ ბრალად სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა დასდო.

საქმის პროკურორი კოკა კაციტაძე [აჟამად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი] აცხადებდა, რომ 2013 წელს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ტენდერში კომპანია „სილქნეტს“ გაამარჯვებინეს და მასთან გააფორმეს 6 720 877 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის, შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით, მაშინ, როცა, ბრალდების მხარის მტკიცებით, ქონების და მომსახურების რეალური საბაზრო ღირებულება 2 618 004.82 ლარი იყო. საქმეს გრიფით „საიდუმლო“ დაედო.

1-ელ ნოემბერს, საქართველოში დაბრუნებულმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის ბოლომდე დარწმუნებული იყო თავისი თანამშრომლების უდანაშაულობაში.

ბრალს დაკავებულთაგან არცერთი არ აღიარებდა. მათ თითქმის რვა თვე გაატარეს წინასწარ პატიმრობაში, ვიდრე 2015 წლის ივნისში მოსამართლე დავით ჯუღელმა ისინი ალასანიას პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატების თავდებობის საფუძველზე არ გაათავისუფლა.

2016 წლის 16 მაისს თბილისის საქლაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაცვის მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 2017 წლის 26 იანვარს მეორე ინსტანციის სასამართლომ გაფლანგვის მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადააკვალიფიცირა და მსჯავრდებულებს 7-წლიანი პატიმრობა 1.5 წლამდე შეუმცირა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხუთივე მსჯავრდებული შეიწყალა.

2025 წლის 11 თებერვალს ადმიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „კაბელების საქმეზე“ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, რომ დანაშაულის სამართლებრივი კვალიფიკაცია მცირედ მნიშვნელოვანი იყო და დაადგინა, რომ დაირღვა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების უფლება, ყოფილიყვნენ დეტალურად ინფორმირებულნი მათი ბრალდების ბუნებისა და საფუძვლების შესახებ, ჰქონოდათ ადეკვატური დრო და შესაბამისი პირობები დაცვის უფლების განხორციელებისათვის.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.