„ვესაუბრე ჩვენი ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას. მიმანიშნეს კიდეც იმაზე, რომ მათ აქვთ პერსპექტივაში გეგმა რაღაც ახალი დერეფნის მშენებლობის, რომელიც თქვენ და ჩვენ დაგვაკავშირებდა“, - ეუბნება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს. სატელეფონო საუბრის ჩანაწერი იუთუბზე გუშინ გავრცელდა. ჩანაწერის მიხედვით, კარასინი საქართველოსთან დამაკავშირებელი „ახალი დერეფნის“ მშენებლობის ადგილად კრასნოდარის მხარეს ასახელებს, სამხრეთ ოსეთის მარცხნივ. აბაშიძე კარასინს უხსნის, რომ „ახლა არ არის იმაზე საუბრის დრო, რომ კიდევ სადღაც რაღაც იწყება და არც ინფორმაციის გავრცელებაა საჭირო“. მისივე თქმით, 2024 წელს დასრულდება ყაზბეგი-ლარსის მხარეს არსებული გზის უზარმაზარი პარალელური მაგისტრალის მშენებლობა - გვირაბებით, გზებით - საუბარია ხადის ხეობის გავლით რუსეთისკენ მიმავალ გზაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია
- 4 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 5 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 6 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
ჩანაწერის ავთენტურობა ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ კარასინს გასული წლის ივნისში ესაუბრა, როდესაც ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით რთული ვითარება იყო და ორივე მხარეს რიგში ათასობით მანქანა იდგა.
„რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ამასთან დაკავშირებით მქონდა ე.წ. პრაღის ფორმატში კარასინთან კავშირი. ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელი გახდეს უშუალო კონტაქტით. დღის წესრიგით და ჩვენი მანდატით არის განსაზღვრული ასე, რომ ჩვენ მაშინ ვურთიერთობდით, სატელეფონო კავშირი გვქონდა. ჩავრთეთ ადგილობრივი სამსახურები, მესაზღვრეები, მებაჟეები, რათა ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ჩვენი მეზობელი ქვეყნები იყვნენ შეწუხებული, მათ შორის, სომხეთიდან ჩამოვიდა მათი წარმომადგენელი. აი, ამაზე ვსაუბრობდით...
ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ, 2024 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს. მიდის იქ პარალელური მშენებლობა, გზები შენდება, გვირაბები“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
კარასინი-აბაშიძის საუბრის ჩანაწერი:
აბაშიძე: ალო.
კარასინი: ზურაბ ირაკლიევიჩ, გამარჯობა. მიხარია შენი ხმის გაგონება.
აბაშიძე: მოგესალმებით, მოგესალმებით.
კარასინი: იმედია, კარგად ხართ.
აბაშიძე: ყველაფერი ნორმალურადაა, ყველაფერი შესანიშნავადაა.
კარასინი: მადლობა ღმერთს.
აბაშიძე: როგორ ხართ, ოჯახი როგორაა?
კარასინი: არაუშავს, აქტიურად მიდის ცხოვრება. ოჯახი ნორმალურადაა. მადლობა ღმერთს.
აბაშიძე: ძალიან კარგი.
კარასინი: იცით, რატომ ვრეკავ? ვესაუბრე ჩვენი ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას. მინდა, რომ საქმის კურსში იყოთ. ისინი ძალიან კმაყოფილნი არიან ბოლო კონტაქტებით, რომლებიც პროდუქტიული იყო და აჩვენა ორმხრივი დაინტერესება, კერძოდ, ზემო ლარსის და სხვა პრობლემების გადაწყვეტაში. უფრო მეტიც, მათ უნდათ, რომ ეს კონტაქტები რეგულარული გახადონ, იმის მიუხედავად, სატრანპორტო ვითარება გამწვავდება თუ არა, მაინც ჩნდება გარკვეული პრობლემები.
მიმანიშნეს კიდეც იმაზე, რომ მათ აქვთ პერსპექტივაში გეგმა რაღაც ახალი დერეფნის მშენებლობის, რომელიც თქვენ და ჩვენ დაგვაკავშირებდა.
აბაშიძე: სად, საინტერესოა.
კარასინი: არ ვიცი. რუკა თან არ მქონია, მაგრამ ეს არის კრასნოდარის მხრიდან პირდაპირ ტერიტორიაზე... როგორც მესმის, ეს რაღაც ადგილია, პირობითად რომ ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის მარცხნივ. გესმით ხომ?
აბაშიძე: ზუსტად ვერ გავიგე, მაგრამ ახლა მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც წელიწადნახევარში დასრულდება.
კარასინი: ეს რა არის?
აბაშიძე: ყაზბეგი-ლარსის მხარეს არსებულის უზარმაზარი პარალელური მაგისტრალია - გვირაბებით, გზებით.
კარასინი: მხედველობაში გაქვს იმის რეკონსტრუქცია, რაც უკვე არის? მოდერნიზაცია?
აბაშიძე: რეკონსტრუქცია? არა. რაც არის ის რჩება და პარალელურად შენდება. იქ მთელი...
კარასინი: რაღაც დაშორებით?
აბაშიძე: დიახ, რაღაც დაშორებით. შემდეგ უკვე ნათელი იქნება, სად იმოძრავებს სატვირთო და სად მსუბუქი ტრანსპორტი.
კარასინი: შენ ჩემზე უფრო გათვითცნობიერებული ხარ.
აბაშიძე: დიახ, დიახ. სხვათა შორის, ადრე ამაზე გვისაუბრია, მაგრამ მაშინ ეს საწყის ეტაპზე იყო, ახლა კი მშენებლობა მიმდიბარეობს. 9 კილომეტრამდე გვირაბი იქნება, ყველაზე გრძელი კავკასიაში.
კარასინი: როგორც ჩანს, ამას გულისხმობდნენ.
აბაშიძე: ალბათ, კი. თქვენთანაც, თქვენს მხარესაც პირდაპირ ლარსთან მიმდინარეობს რეკონსტრუქცია.
კარასინი: საქმეც მაგაშია, რომ ჩვენს მხარეს ისინი აპირებენ ააშენონ საკმაოდ გამტარი მისასვლელი სისტემა და ა.შ.
აბაშიძე: დიახ, ეს უნდა დაეხმაროს.
კარასინი: უბრალოდ, მინდოდა, ეს გცოდნოდა. შენ ეს უკეთესად იცი, ვიდრე მე.
აბაშიძე: გასაგებია.
კარასინი: მთავარია, ხელი შევუწყოთ იმას, რომ თუ აუცილებლობა იქნება, ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდეთ.
აბაშიძე: კონტაქტი აქვთ. ფაშინიანმაც კი გამოგზავნა თავისი მინისტრი. საზღვარზე რუსეთისას შეხვდა.
კარასინი: და აი, ისინი საუბრობდნენ, რომ იქ სომხეთი აქტიურ მონაწილეობას იღებს, რამდენადაც ისინიც დაინტერესებულები არიან ამ საქმეში.
აბაშიძე: დიახ, ნებისმიერ შემთხვევაში, აქ ასეთი აზრია და მათი გადარწმუნება შეუძლებელია, რომ მათ შეუძლიათ თავის მხარეს მეტი მანქანის გატარება.
კარასინი: მშვენიერია.
აბაშიძე: აქ უზარმაზარი რიგებია. სწორედ ახლა ბიზნეს სექტორის, რომელიც ტრანსპორტით არის დაკავებული, ერთ-ერთ წარმომადგენელთან...
კარასინი: წარმომადგენელს მოკითხვა გადაეცი... [იცინის]
აბაშიძე: გადავცემ... მოკლედ, არ არის მარტივი სიტუაცია, რადგან კილომეტრიანი რიგები დგას. ცოტა დააჩქარონ გატარება...
კარასინი: არა, ეს ყველაფერი მესმის და ამიტომაც გადავწყვიტე ასე ოპერატიულად დარეკვა. მადლობა ღმერთს, იქ ყველაფერი განვითარებისკენ მიდის.
აბაშიძე: ...გულახდილად რომ ვთქვათ, ახლა საუბარი იმაზე, რომ კიდევ სადღაც რაღაცას ვიწყებთ - ამის დრო არ არის.
კარასინი: მესმის, ცოტა არაადეკვატურია. გავიგე, გავიგე.
აბაშიძე: რა მინდა გკითხო - შენ აპირებ რაიმე ინფორმაციის გავრცელებას, თუ არ არის საჭირო, ალბათ. ახლა არ გინდა.
კარასინი: არა, არა, არა. არანაირ ინფორმაციას არ ვავრცელებ.
აბაშიძე: მადლობა.
კარასინი: არანაირი ინფორმაციის გავრცელებას არ ვაპირებ. მით უმეტეს, რომ ახლა მქონდა... ნუ, მე აქ რუსულ-აზერბაიჯანული საპარლამენტო კომისიის წევრი ვარ. ხვალ, როგორც ვიცი, ლავროვი ირანში იქნება ჯერ...
აბაშიძე: დიახ, დიახ, ვნახე.
კარასინი: მერე მიფრინავს, ბაქოში იქნება. ასე რომ, ბევრი აქტივობაა.
აბაშიძე: მადლობა.
კარასინი: მორჩა, კავიშირზე ვიქნებით. ახლა თქვენთან ცხელა?
აბაშიძე: არა არა. საერთოდ არ ცხელა. კარგი ამინდია, არც ცხელა და არც ცივა. აი, ასეთი სასიამოვნო ამინდია.
კარასინი: ჩვენთანაც კარგი ამინდია. ღმერთმა არ ქნას ახლა 35 გრადუსამდე აიწიოს. აი, ეს იქნება ნომერი.
აბაშიძე: აქაც არის ხოლმე ასეთები, მაგრამ ჯერჯერობით არა, ჯერჯერობით საკმაოდ კომფორტულია.
კარასინი: კარგი. ხელს გართმევ. შენებს მოკითხვა გადაეცი ჩვენი ოჯახისგან.
აბაშიძე: მადლობა, მადლობა.
კარასინი: კარგად.
აბაშიძე: გეხვევი. მადლობა.
კრასნოდარის მხრიდან რუსეთი საქართველოსთან ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას განიხილავს მარუხის უღელტეხილისა და კოდორის ხეობის გავლით. უღელტეხილი მარუხი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზეა. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალ მარუხის დასავლეთით,ზღვის დონიდან 2746 მ სიმაღლეზე.
რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი კიდევ ერთი ახალი გზის მშენებლობა რაჭის, მამისონის უღელტეხილის გავლით განიხილება.
ამ თემაზე „საქართველოს ამბები“ ვრცელ რეპორტაჟს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.