რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე სარჩელი სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში შევა. არსებული ინფორმაციით, სარჩელს ხელს 32 ოპოზიციონერი დეპუტატი მოაწერს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს, 30 დეპუტატს შეუძლია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე („გაერთიანების თავისუფლება“) და 78-ე („ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“) მუხლებს.
„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. როგორ დამთავრდება ეს პროცესი, დავინახავთ. იქნება სასამართლო კვლავ ხელისუფლების მორჩილი? დაინახავს ჩვენი ამომრჩეველი, დაინახავენ საერთაშორისო პარტნიორები“, - აღნიშნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
ოპოზიციის კონსტიტუციურ სარჩელს არ უერთდება პარტია „გირჩი“, რომელსაც პარლამენტში 4 დეპუტატი ჰყავს. ამის მიზეზად ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემას ასახელებენ.
„როდესაც დავრწმუნდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, ჩვენ ყველა სარჩელი იქიდან გამოვიტანეთ. სიტუაციაში, როცა პრეზიდენტი თუ ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ კლანური მმართველობაა სასამართლოში, აკრიტიკებენ სხვადასხვაგვარად სასამართლოს, იქ სამართლიანობის საპოვნელად მისვლა, უბრალოდ ცოტა უცნაურად გამოიყურება“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა.
რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს და მისი მოქმედების შეჩერებას ითხოვს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 69 გვერდიან სარჩელში პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და მისი ცალკეული ნორმები კონსტიტუციის ექვს მუხლთან მოდის წინააღმდეგობაში, მათ შორის, 78-ე მუხლთან, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკვე განაცხადა, რომ სარჩელს „პერსპექტივა ვერ ექნება“.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმაც. ისინი პარალელურად ამზადებენ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელეთა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, რუსული კანონი სრულად 3 სექტემბრიდან ამოქმედდება. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება მოუწევს ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია. კანონი „უცხოური ძალის“ სტატუსს მიანიჭებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც საქართველოში გრანტებს გასცემენ.
