„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობას ვერ შეაფერხებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
„მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრების შეფერხების სამართლებრივი რეგულაცია საქართველოს კონსტიტუციასა და ქართულ კანონებში განსაზღვრული ამ შემთხვევაში არ არის. სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია შეაფერხოს ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობა. ასეთი ნორმა კანონმდებლობაში არ არის. არსებობს მხოლოდ გარკვეული ჩანაწერები, რომლებიც გარკვეულ ინდივიდუალურ საკითხებს შეეხება. სხვა ნორმა, რომელიც ზოგადად პარლამენტის საქმიანობას შეაფერხებს, უფლებამოსილების ცნობის საკითხს შეაფერხებს, არ არსებობს.
ჯერ ისიც ვერ გავიგეთ, რითი შედის [საკონსტიტუციო სასამართლოში], რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში დამოუკიდებლად ესე არჩევნების შედეგები არ საჩივრდება. საჩივრდება კონსტიტუციის და კანონების მიხედვით ნორმა ან ნორმის ნორმატიული შინაარსი და არჩევნები ამ ნორმიდან გამომდინარე, არა ცალკე არჩევნები და რაიმე შედეგები. დაველოდებით, რას ჩაწერენ, რას მოიფიქრებენ, რეალურს ვერაფერს, წინასწარ გარანტიას გაძლევთ, რადგან ისეთი ნორმა, რომელიც მათ მიზნებს დაემთხვევა საქართველოს კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში არ არსებობს“, - განაცხადა მდინარაძემ და დაამატა, რომ მიზანი „ხალხის მოტყუებაა“.
მამუკა მდინარაძის თქმით, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში ჩატარდება, მიუხედავად იმისა, დანიშნავს თუ არა მას საქართველოს პრეზიდენტი.
„თუკი სალომე ზურაბიშვილი კვლავ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ შეასრულებს კონსტიტუციაში პირდაპირ გაწერილ საკუთარ მოვალეობას და არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, შევიკრიბებით პარლამენტში და შევუდგებით საპარლამენტო საქმიანობას“, - განაცხადა მდინარაძემ.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს, 19 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. როგორც მისმა წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
ჯერ უცნობია, როდის გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა და მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებიც აპირებენ.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოში დავა იქნება, ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება ვერ იქნება ცნობილი, რადგან დეპუტატების სიაში, რომელთა უფლებამოსილებაც უნდა ცნოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, არ შეიტანება ის, ვისი არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოშია გასაჩივრებული. ვახუშტი მენაბდის თქმით, მოსარჩელეს შეუძლია განმარტოს, რომ საარჩევნო კანომდებლობის ის ნორმები და მათი განმარტება, რომელზე დაყრდნობითაც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არ დააკმაყოფილეს, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ საარჩევნო უფლებას.