საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნებიდან“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. ამ საკითხს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე უყრის კენჭს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მის მიერ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პლენარული სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.
„პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. საქართველოს პარლამენტის 2023 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ ჩატარდა 32 მორიგი სხდომა, აქედან საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სერგეენკოს მიერ გაცდენილი იქნა 25 მორიგი სხდომა. ნამდვილად არის 25 სხდომა გაცდენილი არასაპატიო მიზეზით და აქედან გამომდინარე, შესაბამისი დასკვნა უნდა გამოიტანოს კომიტეტმა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი დასკვნა ბიუროს გაეგზავნება და პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში შევა.
დავით სერგეენკო ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ წევრთაგან, ვინც მარტში ხმა არ მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უცხოეთის გავლენის აგენტებად გამოცხადებას.
„რუსული კანონი“ პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 მარტს, 76 ხმით მიიღო. მას მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა - ირაკლი კოვზანაძემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ნინო იობაშვილმა, დავით სერგეენკომ, გიორგი ხელაშვილმა, ელგუჯა გოცირიძემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა და ქეთევან დუმბაძემ. კენჭისყრიდან რამდენიმე საათში ქეთევან დუმბაძემ და ირაკლი მეძმარიაშვილმა თქვეს, რომ მათ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო მათი ხმა არასწორად აისახა. სხდომას არ ესწრებოდნენ ირაკლი კოვზანაძე, ელგუჯა გოცირიძე და ნინო იობაშვილი.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებას ითხოვდა იმ დეპუტატებისგან, რომლებმაც რუსული კანონის მიღებას ხმა არ მისცეს. მალევე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლებად დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად. შესაბამისად, მათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ. მანდატზე უარი თქვა ირაკლი კოვზანაძემ. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, როგორც მან განაცხადა, ამ საკითხზე პარტიის მენეჯმენტის შეჯერებულ პოზიციას ელოდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის მიღებაზე უარი რუსთაველის გამზირზე გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების და უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ თქვა. 7-9 მარტს ხელისუფლებამ აქციები ცრემლსადენი და მხუთავი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაარბია.