თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა აფციაურმა არ დააკმაყოფილა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სარჩელი და ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 16 აგვისტოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრა არა არჩევნების დღეს, არამედ ერთი კვირით ადრე გაიმართება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა და ცესკოს წევრმა, გიორი სიორიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
„დღევანდელი ქართული მართლმსაჯულება, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიც ცესკოა, ემსახურება „ქართული ოცნების“ ინტერესებს. სამართლებრივად ეს იმდენად მარტივი საქმე იყო, კანონში იმდენად შავით თეთრზე წერია, რომ არ შეიძლება ასეთი დადგენილების მიღება, ნებისმიერ სხვა სიტუაციაში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება უნდა მიეღო“, - აღნიშნა სიორიძემ.
გარდა იმისა, რომ გიორგი სიორიძე დადგენილების სამართლებრივ საფუძველს არ ეთანხმება, მიიჩნევს, რომ თუ ერთი კვირით ადრე იქნება ცნობილი კომისიის წევრების ფუნქციები, ხელისუფლებას მათზე ზეწოლის შესაძლებლობა გაუჩნდება.
საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წარადგინა. უფლებადამცველი ორგანიზაცია განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსი ცესკოს მხოლოდ მაშინ აძლევს გამონაკლისის სახით კანონით განსაზღვრული ვადების შეცვლის შესაძლებლობას, როდესაც დადგენილ ვადაში კონკრეტული საარჩევნო ღონისძიება ვერ ესწრება. შესაბამისად, ცესკოს საარჩევნო კოდექსით არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, დადგენილებით შეცვალოს ვადები იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელი არ გამხდარა წილისყრის პროცედურების ჩატარება კენჭისყრის დღეს. საიას დაკვირვებით, მიუხედავად იმისა, რომ წილისყრის არჩევნების დღეს ჩატარება, როგორც წესი, ყველა არჩევნების დროს პრობლემური იყო, იგი არ გამხდარა საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზი.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში საია ხაზს უსვამს, რომ წილისყრის პროცედურის არჩევნების დღეს ჩატარება არ უკავშირდება საკითხის მხოლოდ ლოჯისტიკურ გადაწყვეტას - „იგი, მათ შორის, უზრუნველყოფა გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას, ზრდის საარჩევნო პროცესებისადმი ნდობას და აზღვევს კომისიის ცალკეული წევრების მიმართ შესაძლო დაშინების და ზეწოლის შემთხვევებს“. საია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზებასთან დაკავშირებით არსებული ეჭვების პირობებში, კომისიის წევრთა ფუნქციების მინიმუმ შვიდი დღით ადრე გამოვლენა, აჩენს რისკებს, რომ შესაბამისი პოლიტიკური ინტერესის არსებობის შემთხვევაში, შერჩეული პირები აღმოჩნდნენ დაშინებისა და ზეწოლის მაღალი რისკის ქვეშ.
„მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრთა სრული შემადგენლობა საჯაროა, კონკრეტული ფუნქციების შესასრულებლად მათი წინმსწრებით შერჩევა, შერჩეულ პირებს ამგვარი რისკის პირობებში აყენებს“, - აღნიშნავს უფლებადამცველი ორგანიზაცია.
საიას შეფასებით, ვადების ცვლილება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისათვის არსებითად აუარესებს არჩევნებზე დაკვირვების პროცესს: „პირველ რიგში, ისინი ვერ დააკვირდებიან წილისყრის პროცესს იმდენ უბანზე, რამდენზეც ამას კენჭისყრის დღეს შეძლებდნენ. ამასთანავე, საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ცესკოს წილისყრის პროცედურის თარიღის განსაზღვრა მთელი ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში შეუძლია“.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოს 16 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არაუგვიანეს 19 ოქტომბერისა კომისიის წევრებს შორის უნდა გაანაწილოს შემდეგი ფუნქციები: ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი, ამომრჩეველთა რეგისტრატორი, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრა იმართება კენჭისყრის დღეს. ამასთან, ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის დადგენილების შესაბამისად, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული წესით ჩატარდება, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოვლენა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო სხვა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრა გაიმართება კენჭისყრის დღეს. ცესკომ ცვლილება იმით დაასაბუთა, რომ წილისყრის პროცედურების განსხვავებულ ვადებში განხორციელება გამოიწვევს არაერთგვაროვნებას და შესაძლოა ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესის ორგანიზებულად წარმართვას.
„ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ერთგვაროვანი პრინციპის უზრუნველყოფა, როგორც ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე, ასევე, იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სახელი, გვარები და მონაცემები ისედაც ცნობილია. აქედან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით, წილისყრის პროცედურის გადმოტანა კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა, არსებითად სივრცეს და გარემოს ვერ შეცვლის“, - განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა.
როგორც ცესკოს 16 აგვისტოს სხდომაზე განაცხადეს, საპარლამენტო არჩევნები დაახლოებით 2200 საარჩევნო უბანზე ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდება, ხოლო დაახლოებით 700 უბანზე - ე.წ. ტრადიციული წესით.