გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და გამოთქვეს წუხილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, გადაუხვიოს ევროპული გზიდან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმა წუხილს გამოვთქვამთ საქართველოში შექმნილი ვითარების გამო. ორივე ქვეყანა მუდამ მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ გზას და 2023 წლის დეკემბერში მხარი დავუჭირეთ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ძალიან ვწუხვართ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილების გამო, გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, მათ შორის ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებით.
საქართველოს ევროპული გზა განსაზღვრულია, თუმცა პროგრესის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“, - ნათქვამია გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა რუსული კანონის გამო თანამდებობა დატოვა. როგორც დიპლომატმა განაცხადა, ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ქვეყნის მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს მისი, როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო.
ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი, მასობრივი საპროტესტო აქციების მოთხოვნა, კანონი უპირობოდ უკან გაეწვიათ.
რუსული კანონი „უცხოეთის აგენტებად“ რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ, კრიტიკას ვერ ზღუდავენ. რუსული კანონით აგენტად რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში დადგენილია ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით და სხვა სადამსჯელო ღონისძიებები, რაც დამოუკიდებელ ორგანიზაციებს გააქრობს.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონის საბოლოო ვარიანტში ასევე ჩაწერა, რომ ფიზიკური პირებიც ვალდებულები იქნებიან, იუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია. სამინისტროს კი შეუძლია მოითხოვოს ისეთი მონაცემიც, რომელიც დაკავშირებულია პირის პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სქესობრივ ცხოვრებასთან. მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
18 მაისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი განმარტებით, კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას და ის უნდა გაუქმდეს. „ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევას გეგმავს.