სომხური საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესის“ ინფორმაციით, ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით საზღვაო გადაზიდვები დაიწყო. გამოცემის თანახმად, გადაზიდვებს სომხეთის მთავრობის მიერ შერჩეული კომპანია C&M INTERNATIONAL-ი სახელმწიფო სუბსიდიებით ახორციელებს, რათა ის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ბიზნესმენებისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
კომპანია C&M INTERNATIONAL-ის დირექტორმა დავით ილოიანმა „არმენპრესთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ბათუმიდან ნოვოროსიისკის (კრასნოდარის მხარე) მიმართულებით ტვირთები უკვე ორჯერ გადაზიდეს.
„დღეის მდგომარეობით, ჩვენს გემს შეუძლია 350 კონტეინერის გადატანა. 18 აპრილს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ პირველი გადაზიდვა. ვგეგმავთ ყოველკვირეულად ერთი რეგულარული რეისის განხორციელებას ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის, ასევე, პირიქით. მოთხოვნის პარალელურად, საჭიროებისამებრ შეგვიძლია გადაზიდვების რაოდენობა 2 ან 3-ჯერ გავზარდოთ. ახლა მთავარია კვირაში ერთხელ რეგულარული, სტაბილური ტრანსპორტირება მოხდეს“, - განაცხადა დავით ილოიანმა.
კომპანია C&M INTERNATIONAL-ის დირექტორი ირწმუნება, რომ ტვირთის გადაზიდვის ეს ვარიანტი შეიძლება ძალიან მომგებიანი იყოს ბევრი ბიზნესმენისთვის. ტვირთი დანიშნულ ადგილზე 20-24 საათში აღწევს. მისი თქმით, გზაზე არანაირი პრობლემა არ არის, ბიზნესმენები დარწმუნებული იქნებიან, რომ საქონელი პარტნიორებამდე დროულად მიაღწევს.
„ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ სტაბილური ვადები და სტაბილური ფასები ტვირთის გადაზიდვაზე, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია ტვირთის სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაში. მაღალი მოთხოვნის დროს, ზემო ლარსის გამტარუნარიანობა არ არის საკმარისი, მუდმივად ჩნდება გარკვეული პრობლემები. ექსპორტიორებს ან იმპორტიორებს არ შეუძლიათ თავიანთი პროდუქციის დროულად მიწოდება პარტნიორებისთვის. საზღვაო მარშრუტის შემთხვევაში, მსგავსი პრობლემები არ იქნება. ჩვენ გვქონდა ის ერთი გზა, ზემო ლარსი, დღეს უკვე გვაქვს მეორე გზა“, - თქვა კომპანიის დირექტორმა და დასძინა, რომ თუ ტვირთის გადაზიდვის ნაწილი საზღვაო გზით განხორციელდება, მაშინ ზემო ლარსის ნაკადი შემსუბუქდება, რის შედეგადაც, ტურისტები უფრო ადვილად გადაადგილდებიან.
რაც შეეხება გადაზიდვის საფასო პოლიტიკას, დავით ილოიანმა აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ კლიენტებს მთლიანი წლისთვის სტაბილური ფასი შესთავაზონ.
2022 წლის აგვისტოში სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან ქერობიანმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება იგეგმებოდა, რითაც სომხეთში ტვირთის გადაზიდვა იქნებოდა შესაძლებელი. მაშინ საუბარი იყო ფოთის პორტიდან კრასნოდარის მხარეში მდებარე პორტ „კავკაზის“ მიმართულებაზე.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ საკითხზე განმარტა, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გადატვირთულობის გამო, სომხეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართა, ლარსის ალტერნატივად განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებდა.
„სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის - „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე“ წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით“, - აცხადებდა ქართული მხარე.
განახლება:
დღეს, სომხურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საპასუხოდ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის რეისები შესრულდა, თუმცა ამას რეგულარული ხასიათი არ აქვს.
„აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა Haci Musa Ucak (IMO 9128544), ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსისკსა და ბათუმს შორის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი, და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტო აღნიშნავს, რომ თუკი გემი ან გემის მფლობელი სანქციების სიაშია, მას საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის უფლება არ ეძლევა.