სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კახეთსა და ქვემო ქართლში ორი მოქალაქე დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფეთქებადი ნივთიერებები და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბაჩა მგელაძის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებული პირების „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.
მიმდინარე წლის მაისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოს 6 მოქალაქე დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში. ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ.
სამი თვის წინ რამდენიმე თურქულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ თურქეთში შექმნა ახალი სტრუქტურა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანშიც აქტიურია. სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო Anadolu-ს თანახმად, თურქეთში, პროპაგანდისტული საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბებული „ჯიჰადის ჯგუფის“ წევრებმა სამხედრო მომზადება საქართველოში გაიარეს, რის შემდეგაც კონფლიქტის ზონებში იგზავნებოდნენ, მუშაობდნენ სირიასა და საქართველოში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყო, რომ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერები წვრთნებს საქართველოში გადიოდნენ.
უფრო ადრე, 22 აპრილს, სუს-მა „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, საქართველოს მოქალაქის, მალხაზ პაქსაშვილის დაკავების შესახებ განაცხადა. სუს-ის ინფორმაციით, პაქსაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა და სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა, 2013-2015 წლებში ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა.
ცისკარა ტოხოსაშვილი (იგივე ემირი ისა), ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და დახმარების ბრალდებით, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა 2022 წლის დეკემბერში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სუს-ის ანგარიშში ტოხოსაშვილი „დაეშის“, ანუ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ლიდერად არის მოხსენიებული.
უსაფრთხოების სამსახური ბოლო ანგარიშში, რომელიც 2022 წელს მოიცავს, აღნიშნავს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად, საანგარიშო პერიოდში, საქართველოში არ ხორციელდებოდა ტერორისტული აქტივობები, არ ფუნქციონირებდა სტრუქტურირებული ტერორისტული ჯგუფი და მინიმუმამდე იყო შემცირებული ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების რისკები. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ქვეყნაში არ ფიქსირდებოდა აქტიური რადიკალური/ექსტრემისტული კერები, ხოლო ტერორისტული იდეოლოგიის შესაძლო მხარდამჭერთა რიცხვი დაბალი იყო.
ამასთან სუს-ი საქართველოს წინაშე არსებულ ტერორისტულ საფრთხეებსა და გამოწვევებს შორის ასახელებდა ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერების/უცხოელი ტერორისტი მებრძოლების საქართველოში შემოსვლას, მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით გამოყენებას; ასევე, ტერორისტული ორგანიზაციების წევრების/მხარდამჭერების მიერ მოქალაქეების გადაბირებას და სირიასა და ერაყში მყოფი „დაეშისა“ და „ალ-კაიდას“ წევრი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში შესაძლო შემოსვლას.