ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებით იმედგაცრუებულია. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, ეს კანონი განსხვავებული აზრის ჩახშობის იარაღია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა უარყო საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტზე, თუმცა კენჭისყრა მოულოდნელი არ ყოფილა.
ჩვენ ვნახეთ ათიათასობით ქართველი, რომლებიც აპროტესტებდნენ ამ კანონპროექტს გასულ კვირას, რაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო საქართველოს ისტორიაში. ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა.
ეს კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ უცხოური მთავრობის აგენტებად უბრალოდ იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ს უცხოეთიდან იღებენ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათ ამ შესაძლებლობას.
სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც აკეთებენ ავტორიტარული მთავრობები და ეს არის იარაღი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ამას დემოკრატიები არ აკეთებენ. ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა“, - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
რუსული კანონის მიღებას გამოეხმაურნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტშიც. როგორც პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, ანტიდემოკრატიული კანონით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას. სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას, სამომავლო ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და აშშ-საქართველოს ურთიერთობებს.
28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 ხმით საბოლოოდ დაამტკიცა. პროცედურის მიხედვით, 3 დღის ვადაში კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. სალომე ზურაბიშვილს კანონზე ხელის მოსაწერად და მის გამოსაქვეყნებლად 5-დღიანი ვადა ექნება. თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს კანონს, მას ხელს მოაწერს და 5 დღეში გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
