„თუკი ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება მოხდება, ერთი მხრივ, მოხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას და აბუჩად აგდებას, რასაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი პროტესტი მოჰყვება. ამას შეიძლება საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვეს. თუ ვინმე მზად არის, ერთი მხრივ, კანონის უზენაესობა გათელოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი - როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსი, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები აბუჩად აიგდოს, მაშინ ამას ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი ექნება. არა მგონია, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედიოდეს და ვინმემ გაბედოს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანის თქმით, მას, „როგორც ერთ მოქალაქეს“, სურს, უფრო მკაფიოდ მოისმინოს, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე ხომ არ შეცვლილა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია და თუ შეიცვალა ან შეიცვლება - რატომ.
„დასაბუთება აუცილებელია, როდესაც თანამდებობის პირი დისკრეციის ფარგლებში იღებს რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, მისი უარყოფითი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა“, - აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და საქმის მასალებიდან გამომდინარე მიიღებს „ყველაზე კარგ გადაწყვეტილებას“ - ან გადაუვადებს მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდას, ან არ გადაუვადებს:
„ეს არის მოსამართლისა და დაცვის მხარის ურთიერთობის თემა და არა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია, სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვათ, არ არის პრეზიდენტის საქმე. თუ პირის მიერ სასჯელის მოხდა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამოა, მაშინ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაავადოს თუ არა სასჯელი. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დამოუკიდებელია და დაე, ნურავინ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, ნუ განიზრახავს, რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს მოსამართლეს. მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს“.
ცენტრ „ემპათიის“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ინტოქსიკაციაა და შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალება ნებისმიერ მომენტში. ჯიშკარიანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, სააკაშვილი დაუყოვნებლივ შეიწყალოს.
გუშინ, 24 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება, ექსპერტების დასკვნის წარდგენის შემდეგ, სასამართლომ უნდა მიიღოს. პრეზიდენტის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ქვეყნის რეპუტაციისთვის და ასევე, ჩვენი ღირსებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი აქვს, რომ სასამართლო ღირსეულ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
რამდენიმე დღის წინ, BBC-ის გადაცემა HARDtalk-ში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალების უფლებამოსილება არ აქვს, რადგან სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დასრულებული არ არის. გადაცემის წამყვანის კითხვაზე - როცა ყველაფერი დასრულდება, პრეზიდენტმა უპასუხა: „არ ვფიქრობ, რომ უნდა გავხდე უფრო მეტი პოლარიზაციის ინტსრუმენტი. მაგრამ ამავდროულად, როგორც სახელმწიფო მეთაურს, არ მინდა ვიხილო ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილი ციხეში, ან ის, რომ მან მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი, ამიტომ, მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები სამედიცინო კუთხით და რეალურად, დღეს ველოდებოდი საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის დასკვნას, თუმცა ის [დასკვნა] ჯერ არ გამოცემულა“.
ერთი წლის წინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს.
მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. ის 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან პატიმრობაშია.