პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველებმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართეს და მოუწოდეს, რეაგირება მოახდინოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
2023 წლის იანვარში სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა - გამოძიებაში გამოვლენილი ფუნდამენტური დარღვევების გამო. 2024 წლის მარტში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს, სახელმწიფოს მოუწოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფად განეხილა მაჩალიკაშვილის საქმის მასალები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნების შესაბამისად და კომიტეტისთვის, ასევე, გარდაცვლილის ოჯახისთვის, გამოძიების განახლების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. ივლისში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე გამოძიების განახლების მიზანშეწონილობას ვერ დაინახა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და პროკურატურის მიმართ მიკერძოებულობის ეჭვებს აჩენს.
„სამსახურმა უგულებელყო ევროპული სასამართლოს მიერ საქმის გამოძიების პროცესში დადგენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევები (გამოძიების არასაკმარისი დამოუკიდებლობა, ამომწურავობა და მომჩივანთა შეზღუდული ჩართულობა გამოძიებაში) და წარმოაჩინა როგორც უმნიშვნელო ხასიათის ხარვეზები, რასაც არ შეეძლო გავლენა მოეხდინა გამოძიების შედეგებზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილების ანალიზიდან აშკარაა, რომ მისთვის სასურველ დასკვნამდე მისასვლელად, მან არასწორად განმარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, სრულად უგულებელყო საქმის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გარემოებები და გარდაცვლილის ოჯახის წუხილები გამოძიების მიზნებთან მიმართებით. სამსახურმა ასევე ზედაპირულად შეაფასა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პერსპექტივა, როგორიცაა სპეცრაზმელების ხელახალი და სიღრმისეული გამოკითხვა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება სპეცრაზმელების ჩვენებების სანდოობის შესამოწმებლად, მტკიცებულებების შესაძლო განადგურების და ფალსიფიცირების საკითხის შესწავლა, თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონი ადგილმდებარეობის, სისხლის წვეთების წარმომავლობა მასზე და ოთახში ყურსასმენების არსებობის სათანადოდ შესწავლა.
ხელისუფლება არ იღებს სათანადო ნაბიჯებს მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსასრულებლად, რაც სიცოცხლის უფლების განგრძობით დარღვევას და შესაბამისად, ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენს, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, აღასრულონ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.
ამასთან, ვინაიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების სპეციალური მექანიზმი არ არსებობს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მოკლებულია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსობრივი შემოწმების რეალურ შესაძლებლობას. შესაბამისად, საქმეზე ხელახალი გამოძიება ერთადერთი შესაძლებლობაა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად“, - აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 7 წლის გასვლის შემდეგ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელახალი გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება. „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აცხადებენ, რომ შემდგომი „გაუმართლებელი დაყოვნება“ კიდევ უფრო გაართულებს სრულყოფილი გამოძიების და არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის პერსპექტივას.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების და პირველადი გამოძიების ფუნდამენტური ხარვეზების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების იმპლემენტაცია ვერ მოხდება მხოლოდ არსებული საქმის მასალების ფორმალისტური გადახედვით. არამედ, აუცილებელია ხელახალი გამოძიების დაწყება და იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რასაც შეუძლია საქმეში ცენტრალური საკითხის - სახელმწიფოს მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების საკითხის დადგენა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მინისტრთა კომიტეტს მოუწოდებს, უახლოესი შესაძლებლობისთანავე შეაფასოს მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების პრობლემა, მოუწოდოს სახელმწიფოს, დაიწყოს ხელახალი გამოძიება და მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი მოკლულის ოჯახის წევრებს, და შეაფასოს სახელმწიფოს მიერ კონვენციის 46-ე მუხლის დარღვევის საკითხი.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. 2020 წლის 25 იანვარს, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის მოტივით, გამოძიება შეწყვიტა. 2020 წლის 27 მარტს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას საქმეზე გამოძიების განახლების მოთხოვნით მიმართა, რაც უწყებამ არ დააკმაყოფილა. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავდა და შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვდა.