საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთისთვის ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება, მათ შორის, სავიზო რეჟიმის შემოღება და ფრენების აკრძალვა, ესკალაციას გამოიწვევს, რაც რუსეთთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირების რისკს შექმნის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქართველი ხალხი რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებისა და ეკონომიკური კატასტროფის წინ არ დადგეს.
„შარშან, მარტში იყო ეს საკითხი დასმული ოპოზიციის მხრიდან, რომ ჩაკეტილიყო საზღვარი, ჩაკეტილიყო საჰაერო სივრცე, შემოღებულიყო ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის.
ნებისმიერი ასეთი ქმედება - რაც შეეხება ვიზის შემოღებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას - ეს ყველაფერი არის სანქცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან. ესკალაცია თავის მხრივ გულისხმობს, რომ შევდივართ ისეთ სპირალში, რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, ამის საპირისპიროდ, როდესაც აწესებ სანქციებს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ იქნება კონტრსანქციები, რაღაც საპასუხო ზომები, რაც საბოლოო ჯამში იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას შეექმნება საფრთხე.
ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კილომეტრში და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში იმყოფება. ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. გარდა ამისა, ასევე დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს ანექსიის პოლიტიკამდე. ამიტომ, ისინი, ვინც გვთავაზობენ ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და ა.შ., ანუ ისინი ვინც გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და შევიდეთ რუსეთთან ესკალაციაში და შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ რუსეთთან, არავინ გვაძლევს არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიებს.
ნებისმიერი სანქცია ნიშნავს ესკალაციას, ესკალაცია ნიშნავს, მათ შორის, შესაძლო სამხედრო დაპირისპირების რისკს. ამ რისკის წინაშე, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები დავაყენოთ. ეს ერთი და მეორე - ჩვენი მოქალაქეები ამ პოლიტიკას ემხრობიან და იზიარებენ. ეს დადასტურებულია როგორც სხვადასხვა გამოკითხვით, ასევე ბოლო შუალედური არჩევნებით, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2021 წელს“, - თქვა პაპუაშვილმა.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობას მიმართა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სამთვიანი სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხი განიხილოს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირი მოუწოდებს, ავიაციის სფეროში რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო, ევროკავშირი და საერთაშორისო პარტნიორები რუსეთში, რუსეთიდან ან რუსეთის თავზე ფრენებს კრძალავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას მიესალემება. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის პოლიტიკას რომ დაემორჩილოს, მისი წევრი ქვეყანა უნდა იყოს.
საქართველოსთან თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამიმოსვლის განახლების თაობაზე ვლადიმერ პუტინმა განკარგულება 2023 წლის 10 მაისს გამოსცა. პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმიც გააუქმა, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა.