7 და 8 მარტს, თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. გათავისუფლებულთა შორის არიან „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძეც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.
სამინისტრო არ აკონკრეტებს გათავისუფლებულ პირთა რაოდენობას. დღეს დილით გავრცელებული განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, 133 პირს კი სამინისტრო ადმინისტრაციული წესით წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
7-8 მარტს რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმის მეშვეობით დაარბია. ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები მასობრივად გამოიყენა. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. პოლიციამ აქციის პირველივე დღეს ათობით დემონსტრანტი დააკავა. დაკავებები მომდევნო დღესაც გაგრძელდა.
8 მარტის აქციის მონაწილეებმა ორი მთავარი მოთხოვნა დააყენეს - „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის უკან გახმობა და დაკავებულთა გათავისუფლება. შსს-მ ეს აქციაც დაშალა, რის შემდეგაც დემონსტრანტები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ და მათ მანქანებს ქვები დაუშინეს. პარლამენტის მიმდებარედ ქუჩებში დააზიანეს და დაწვეს პოლიციის ავტომანქანები, ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის შუშები.
დღეს, 9 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ კანონპროექტს, რომელსაც პირველი მოსმენით ორი დღის წინ დაუჭირა მხარი, უკან გაიწვევს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტს პარლამენტის უახლოეს სხდომაზე ჩააგდებენ და ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას „უკან ვერავინ წაიღებს“. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ითხოვენ პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს კვლავ უყრის კენჭს და მას ოფიციალურად ჩააგდებს.