შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს სამართალდამრღვევად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც 17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. 9 ივლისს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, შსს ოპოზიციონერ დეპუტატს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 კომისარი ო’ფლაერტი: მზია ამაღლობელის პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ელისაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის ეპიზოდი ამოიღო, რაც აწყობდა ის და დანარჩენი ვითომ, არ მომხდარა. მედავებიან, რომ უმისამართოდ ვიგინებოდი და ხულიგანი ვარ. რამდენიმე კაცი უმოწყალოდ რომ მცემდა და ამაზე ყური არ შეუბერტყავთ, ეს არ აინტერესებთ, რა თქმა უნდა. ისედაც გული მერევა ამ შენობაში რომ ვარ და მურუსიძე რომ ჰყავთ ლიდერი. ამ კანტორაში და დუქანში რომ შემოვედი, მაგაზეც გული მერევა. ავდექი და დავტოვე სასამართლო პროცესი. მე ჩემი სათქმელი ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. მე არავის არაფერს არ ვერჩოდი”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის მსგავსად, შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება დავით ქაცარავასაც. სამოქალაქო აქტივისტი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა 14 მაისის აქციაზე უკანონოდ დააკავეს და სასტიკად სცემეს.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 17 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა სცადა. ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ათობით პოლიციელი ძირს დაგდებულ ელისაშვილს ხელებითა და წიხლებით სცემს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღძრა, თუმცა პარლამენტის მოქმედი წევრის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
„არავისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, არცერთი პოლიციელისთვის. არადა სახეზე ჩანან პოლიციელები, ვინც მირტყამდნენ. დაკითხულებიც კი არ არიან, დაკავებული რომ არავინ არ არის, ფაქტია. უფრო მეტიც, ორი თვეა დაზარალებულად არ მცნობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი? ნეკნი მომტეხეს, სახეზეც მეტყობოდა ნაცემი რომ ვიყავი, კადრებშიც ჩანდა, როგორ მონდომებით მირტყამდნენ. ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება და სამარცხვინო საგამოძიებო სტრუქტურები ჰყავს ქვეყანას“, - ამბობდა ელისაშვილი 13 ივნისს.
მთავრობის კანცელარიასთან ალეკო ელისაშვილის მიმართ ძალადობას და მის დაკავებას წინ უძღოდა 15 აპრილს პარლამენტში მომხდარი ინციდენტი, როდესაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რუსულ კანონს განხილვის დროს, ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს და კანონის ერთ-ერთ ავტორს, მამუკა მდინარაძეს დაარტყა.
