ლაჩინის დერეფნის ბლოკადა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში ათასობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის - საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და რუს სამშვიდობოებს მარშტრუტის სასწრაფოდ განბლოკვისა და ჰუმანიტარული კრიზისის დასრულებისკენ მოუწოდებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, 2022 წლის 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანელი დემონსტრანტების მიერ არის ჩაკეტილი. Amnesty International წერს, რომ დემონსტრანტებს მხარს სავარაუდოდ ადგილობრივი ხელისუფლება უჭერს. გზის ჩაკეტვის შედეგად მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 000 ეთნიკურად სომეხ მცხოვრებელს ძირითად საქონელსა და სერვისებზე, მათ შორის, სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებსა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა.
„ბლოკადამ გამოიწვია საკვებისა და სამედიცინო მარაგების მწვავე დეფიციტი, რადგან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და რუსი სამშვიდობოების მიერ მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარება არასაკმარისი იყო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სატრანსპორტო საწვავის მიწოდების შეფერხება განსაკუთრებულად ართულებს ცხოვრებას იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც დაუცველნი არიან დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის მიმართ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საერთაშორისოდ აღიარა სუვერენიტეტი ამ ტერიტორიებზე და აკონტროლებს იმ ტერიტორიასაც, საიდანაც ხდება ბლოკადა. აზერბაიჯანის ვალდებულებაა, უზრუნველყოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წვდომა საკვებზე, სხვა აუცილებელ საქონელსა და მედიკამენტებზე. თავის მხრივ, რუსეთის სამშვიდობო მისიას ევალება ლაჩინის დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თუმცა, ორივე მხარე აშკარად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს“, - განაცხადა მარი სტრუტერსმა, Amnesty International-ის დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ქრონიკული პრობლემების პაციენტებისთვის, ორსულებისთვის.
„ახლა პროცედურების მხოლოდ 10%-ს პროცენტს ვატარებთ. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს საკმარისი სტენტები. ყოველდღე ვკარგავთ უამრავ ადამიანს“, - ციტირებს Amnesty international სტეფანაკერტის (ხანკენდი) საავადმყოფოს კარდიოლოგის, ვარდან ლალაიანის კომენტარს.
ლალაიანი ინტერვიუში იხსენებს, რომ ერთი კვირის წინ ეპილეფსიანი ბავშვი ჰყავდათ, რომელსაც მედიკამენტი სასწრაფოდ სჭირდებოდა, „წითელ ჯვართან მოლაპარაკების შემდეგ, მათ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მოახერხეს სამკურნალოდ ბავშვის ერევანში გაგზავნა“.
კარდიოლოგი ამბობს, რომ „წითელ ჯვარს“ რეგიონის გარეთ არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ „სტაბილურ მდგომარეობაში“ მყოფი პაციენტები გადაჰყავს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს კი დარჩენა მასთან უწევთ, იქ, სადაც სათანადო დახმარება ხელმისაწვდომი არ არის - შედეგად სახეზე ფატალური შემთხვევებია, რომელთა პრევენციაც შესაძლებელი იყო - „ამასთან, უამრავ პაციენტს სხვა საავადმყოფოში გადასვლა არ სურს, რადგან ეს ოჯახისგან განცალკევებას ხანგრძლივი, გაურკვეველი პერიოდით, დაბრუნების გარანტიის გარეშე გულისხმობს“.
სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტის გამო საფრთხის ქვეშ დგას ფეხმძიმე და მშობიარე ქალების ჯანმრთელობაც. მელინ პეტროსიანმა, რვა თვის ორსულმა ქალაქ მარტაკერტში (აღდერე) Amnesty International-ს უთხრა: „სამშობიარო განყოფილება სავსე იყო, ხოლო მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და ბავშვისთვის საჭირო ნივთები, საფენები, რძის შემცვლელი დეფიციტში იყო. ელექტროენერგიის დეფიციტის გამო საავადმყოფოს ოთახში ხშირად ციოდა. მათ მხოლოდ ერთი ინკუბატორის ჩართვა შეეძლოთ და ნაადრევად დაბადებულ სამ ჩვილს მორიგეობით მოუწიათ სარგებლობა. როდესაც მსგავს პირობებში მშობიარობაზე ვფიქრობ, საშინლად ვგრძნობ თავს“.
ჯანდაცვის მუშაკები, ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ქრონიკული დაავადებებისთვის, მათ შორის, არტერიული წნევის კონტროლისთვის, გულის, ეპილეფსიის, ასთმის მედიკამენტებზე, ამასთან ტკივილგამაყუჩებლებისა და ანტიბიოტიკების ხელმიუწვდომლობაზე საუბრობენ. მთიან ყარაბაღში უამრავი აფთიაქი დაიხურა. იქ, სადაც მედიკამენტების მოძიება შეძლეს, ფასი იმდენად მაღალი იყო, რომ მოხმარების შემცირება მოუწიათ.
ბლოკადამ საკვების დეფიციტიც გამოიწვია, რის გამოც დე-ფაქტო ხელისუფლებამ იანვრის დასაწყისში რაციონირების სისტემა შემოიღო. ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ასაკის მიუხედავად „თითოეულ ადამიანს შეუძლია მიიღოს ნახევარი კილო ბრინჯი, მაკარონი, ერთი ლიტრი ზეთი და ცოტა შაქარი“, რაც მანამდე განსაზღვრული პროდუქტის მოცულობას ერთი კილოგრამით ან ლიტრით ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ შედეგად ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასები დარეგულირდა, ბოსტნეული და ხილი მაღაზიების თაროებიდან მთლიანად გაქრა, ხოლო რძისა და კვერცხის მისაღებად გრძელი რიგები იქმნება.
Amnesty International-ის მიერ ჩატარებული ინტერვიუების შედეგად გაირკვა, რომ ქალები, როგორც წესი, თავიანთი ულუფის ოჯახის სხვა წევრებისთვის მიცემას ამჯობინებენ. ჯანდაცვის სპეციალისტებმა ქალებსა და ბავშვებში იმუნოდეფიციტის, ანემიის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების და დიაბეტის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა შენიშნეს, რასაც საკვების დეფიციტის პირდაპირ შედეგად მიიჩნევენ.
ჯანდაცვის მუშაკების ინფორმაციით, ორსულ ქალებს გართულებები აღენიშნებათ. ამასთან გაიზარდა აბორტებისა და ნაადრევი მშობიარობის რიცხვი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის, შეზღუდული მობილობის მქონე პირები ამბობენ, რომ ბლოკადის დროს უფრო მეტად განიცდიან იზოლაციას, რადგან საწვავის ნაკლებობის გამო ვერ სარგებლობენ ვერც საზოგადოებრივი და ვერც კერძო ტრანსპორტით. იაკოვ ალტუნიანი, რომელმაც 1990-იან წლებში ნაღმზე აფეთქების შედეგად ორი ფეხი დაკარგა, ფაქტობრივად საკუთარი ბინიდან გასვლას ვეღარ ახერხებს.
ელექტროენერგიის დეფიციტის გამო დროებით დაიხურა ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც დაახლოებით 27 000 ბავშვი დადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები 2023 წლის 30 იანვარს ნაწილობრივ გაიხსნა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი ოთხი საათით განისაზღვრა.
ბლოკადის დაწყების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის 1100 მცხოვრებელი, მათ შორის, მინიმუმ 270 ბავშვი, რეგიონის ფარგლებს გარეთ დარჩა და სახლში ვერ ბრუნდება. ისინი სომხეთში სასტუმროებში ან ნათესავებისა და მოხალისეების სახლებში არიან განთავსებულები.
გაზისა და ბენზინის დეფიციტს კიდევ უფრო ამწვავებს აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების და ელექტროენერგიის შეწყვეტა, რომელიც დღეში საშუალოდ 6 საათს გრძელდება.
„ბლოკადის მეცხრე კვირაა. ყველა თვალი აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და რუსი სამშვიდობოებისკენ არის მიმართული. მოვუწოდებთ ორივე მხარეს დაუყოვნებლივ მიიღონ ქმედითი ზომები, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მოხსნან ლაჩინის დერეფნის ბლოკადა ყოველგვარი შეფერხების გარეშე და დაასრულონ ჰუმანიტარული კრიზისი“, - განაცხადა მარი სტრუტერსმა.
2020 წლის სექტემბერში, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დიდ ნაწილზე და გაწყვიტა კავშირი სომხეთთან. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მიხედვით, ე.წ. ლაჩინის დერეფანი რჩებოდა მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზად, რომლის უსაფრთხოებაზეც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს უნდა ეზრუნა.