„აფხაზეთში საერთოდ ვერ შენიშნეს, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. მართალია, ჩვენ ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობთ, მაგრამ რაღაცნაირად ორი პარალელური ცხოვრება გვაქვს, სხვადასხვა ორბიტაზე ვართ. საერთოდ ვერ ვგრძნობთ, რომ პერსპექტივაში საქართველო შეიძლება ევროკავშირის წევრი გახდეს ანუ ევროკავშირის კონტექსტში აფხაზებისთვის არავის არანაირი წინადადება არ შეუთავაზებია, ევროკავშირსაც აფხაზეთთან მიმართებაში არაფერი მოუმოქმედებია. ჩვენ რეალობაში მისგან მოწყვეტილი ვართ, ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილებაც კი არ შეგვიძლია. აი, რუსეთში რომ რაიმე ხდებოდეს, ეს ჩვენ შეგვეხებოდა, აგვაღელვებდა, ევროკავშირთან კი არაფერია და არანირი პერსპექტივაც არ ჩანს. ასე რომ, მოსალოდნელი კანდიდატობა ჩვენთვის შესამჩნევი არ ყოფილა. რიგითი მოქალაქისთვის კანდიდატობა, წევრობა საერთოდ გაუგებარი, ძალიან შორეულია და არ იციან, რაზეა საუბარი“, - ამბობს „საქართველოს ამბებთან“ ინტერვიუში აფხაზი ჟურნალისტი და მიმომხილველი, „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- წლების წინ მე ხშირად ვრეკავდი სოხუმში და ვესაუბრებოდი მაღალი თანამდებობის პირებს, ვიწერდი მათ კომენტარებსა და ინტერვიუებს. ქართველ ჟურნალისტებს დღეს ამის რა შანსები გვაქვს?
- არა მგონია, რომ ვინმე დღეს ილაპარაკებს, როგორც ადრე, რადგან აფხაზეთსა და საქართველოს შორის არანაირი ქმედება არ არის, ყველაფერი გაყინულია. გარდა ამისა, ამჟამინდელი ჩინოვნიკებიც ძალიან ჩაკეტილები არიან. ამ კუთხით სიტუაცია არც ისე ოპტიმისტურია.
- და აფხაზ ჟურნალისტებთან როგორია მათი კონტაქტი?
- ისინი ჩვენთვისაც ჩაკეტილები არიან, უფრო სახელმწიფო მედიას ეკონტაქტებიან, ყველასთან არ ლაპარაკობენ.
- ერთ-ერთი ბოლო ამბავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება და ამაზე ასლან ბჟანიას საკმაოდ სწრაფი პასუხი იყო. როგორ მიიღეს ნიკოლ ფაშინიანის ეს განცხადება აფხაზეთში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა?
- რა თქმა უნდა, ყველა სომეხის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ სომხების უმრავლესობას ფაშინიანი დიდი ხანია არ მოსწონს და ეს, ალბათ, არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის სომხებს ეხება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის, რაც მოხდა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით - აღარ არსებობს მთიანი ყარაბაღი და მისი სახელმწიფოებრიობა. ასევე, იქ აღარ არის სომეხი მოსახლეობა.
პოსტსაბჭოთა სივრცეში სომხური დიასპორისთვის სომხეთი უფრო ისტორიული სამშობლოა და შიდაპოლიტიკა პირადად მათ არ ეხება. ისინი არ აწყდებოდნენ სოციალურ, ყოფით, კორუფციისა თუ საპენსიო უზრუნველყოფის პრობლემებს. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით რა ხდებოდა. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ფაშინიანი ყველა მის წინამორბედს ჩამორჩება.
ფაშინიანის მიმართ სომხების უმრავლესობას აფხაზეთში უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მითუფრო ახლა, როცა კითხვაზე ფაშინიანმა უპასუხა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრულად უჭერს მხარს.
- რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა შესაძლოა აფხაზეთისთვის საექსპორტო გადასახადი გააუქმოს. ამ ნაბიჯს მხოლოდ ეკონომიკური მიზეზები აქვს თუ პოლიტიკურიც?
- ბევრი წლის განმავლობაში ჩვენთან საწვავის ფასი თვით რუსეთის ფასებზეც კი ცოტა დაბალი იყო. ჩვენთან დამატებითი ღირებულების გადასახადი დაბალია და საწვავის საექსპორტო გადასახადის გარეშე შემოტანა აფხაზებისთვის საკმაოდ კომფორტული იყო. ბოლო დროს კი, როცა ასეთი შეღავათები აღარ იყო, ფასები მკვეთრად გაიზარდა და ყველა ტიპის საქონელი გაძვირდა. ჩვენი ხელისუფლება რუსი კოლეგების ყურადღებას ამ საკითხისკენ ხშირად მიმართავდა და ძველ სქემაზე დაბრუნებას სთხოვდა.
ვფიქრობ, მოსკოვი წავიდა შემხვედრ ნაბიჯზე და შემოაქვს შეღავათიანი რეჟიმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ბენზინის და შესაბამისად, ყველა აუცილებელი საქონლის ფასმა დაიწიოს. შესაძლოა, რუსეთის ამ ნაბიჯში პოლიტიკის რაღაც ელემენტიც არის, მაგრამ მოსკოვს საკმაოდ ბევრი სხვა ბერკეტიც აქვს თავისი ამოცანების გადასაჭრელად. ეს სიტუაცია საკმაოდ მძიმედ ურტყამდა რუსეთის იმიჯს და აფხაზურ საზოგადოებაში მას საუკეთესო კუთხით არ წარმოაჩენდა.
- თითქოს ჩანს, რომ აფხაზეთში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება იცვლება და არცთუ უკეთესობისკენ.
- აფხაზებს რუსეთის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. ჩვენ ახლა იმ სტადიაში ვართ, რომ ამჟამინდელი მთავრობა ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე არაპოპულარულია. არსებობს უამრავი სოციალურ-ეკონომიკური, გადაუჭრელი პრობლემა. ასევე, ძალიან ბევრი არაპოპულარული გადაწყვეტილებაა. მაგალითად, პრეზიდენტი ცდილობს, უცხოელებისთვის აპარტამენტების მიყიდვის შესაძლებლობის საკითხი წინ წასწიოს და ამ ფართს კომერციულ საცხოვრებელს უწოდებს. რეალურად ეს არის მცდელობა, უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვის კანონს გვერდი აუარონ. რბილად რომ ვთქვათ, ეს აფხაზურ საზოგადოებაში პრეზიდენტის ქმედებების მიმართ გაუგებრობას იწვევს. ასეთი პოლიტიკა ყოველმხრივ საზიანოა. პრეზიდენტი გეგმავს, ააშენოს 30 ათასი აპარტამენტი. ეს კი 100 ათას ახალ მოსახლეს ნიშნავს, რომლებიც აფხაზეთში მოვლენ, რადგან ეს აპარტამენტები უცხოელებისთვის იქნება განკუთვნილი. ისინი აფხაზეთის სხვადასხვა ნაწილში კომპაქტურად ჩასახლდებიან. ეს ერთი მხრივ სერიოზულად დაარღვევს დემოგრაფიულ ბალანსს, მეორე მხრივ ფასები გაიზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ჯერ მიწის კადასტრიც არ გვაქვს და ახალი მშენებლობები ყველზე მოთხოვნად მიწებზე - სანაპირო და რეკრეაციულ ზონებში იქნება, ესეც დიდი პრობლემაა. გაუგებარია, რა ეკონომიკური სარგებელი ექნება აქედან აფხაზეთს, რადგან ეს ხომ არ არის სასტუმრო, რომლის შემთხვევაშიც ეკონომიკური მოგება გასაგებია. პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი მოსახლეები წელიწადში ერთხელ რაღაც მცირე თანხას გადაიხდიან. ასევე, ეს აპარტამენტები სხვადასხვა კომუნალური სამსახურებისთვის დიდი დატვირთვა იქნება - ისედაც დეფიციტურ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება. ასე რომ, მინუსების დიდი რაოდენობა გროვდება და პლიუსები თითქმის არ ჩანს.
რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ყველგან რუსეთი ფიგურირებს და ეს შეშფოთებას იწვევს, მაგრამ უფრო მეტ შეშფოთებას თავად აფხაზური ხელისუფლება იწვევს. რუსეთი რა თქმა უნდა, თავის ინტერესებს ატარებს, მაგრამ როცა შენი საკუთარი ხელისუფლება საერთოდ არ ზრუნავს აფხაზეთის ინტერესებზე და მხოლოდ საკუთარ პირად ან რაიმე სხვა ინტერესებზე ფიქრობს, აფხაზურ საზოგადოებას ეს მეტად აწუხებს, ვიდრე მოსკოვი თავისი ქმედებებით.
- დათმობენ აფხაზები პოზიციებს ეკონომიკურ საკითხებზე?
- მე არ ვფიქრობ, რომ რაიმეზე უარის თქმას ვაპირებთ. ჩვენ საკმაოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გვყავს. აფხაზეთის მცირე ზომის გათვალისწინებით, არა მგონია, რომ მოსკოვისთვის ამ საკითხებს, რომლებიც რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში ახლა ფიგურირებს, ძალიან პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში მოსკოვისთვის აფხაზეთში მისდამი ლოიალური მოსახლეობის ყოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მორიგი ტერიტორია შეიქმნას, სადაც ანტირუსული განწყობები იქნება. ვფიქრობ, ამ კონტექსტში საკმაოდ მოქნილი სიტუაცია იქნება.
- რაც შეეხება ქართველების მიმართ აფხაზების დამოკიდებულებას, როგორია ახლა ვითარება, შეიძლება რაიმე პოზიტიურ ცვლილებებს ველოდოთ?
- ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხი 2008 წლის შემდეგ ქართული და აფხაზური საზოგადოებების დღის წესრიგში უფრო და უფრო ღრმად, სარდაფში ჩადის. თავად კონფლიქტი შიდაპოლიტიკური ბრძოლების ელემენტი გახდა, როცა რომელიმე პოლიტიკოსს ცალკეულ მომენტში შეუძლია ამ თემაზე ითამაშოს და ამავე დროს, რაიმე ქმედებები არ განახორციელოს იმ არგუმენტით, რომ არსებული სიტუაციის კარდინალური ცვლილება არც საქართველოში და არც აფხაზეთში დიდად არავის უნდა, რადგან ეს პროდუქტიული არ არის. მეორე მხრივ რატომ დაარტყამენ პოლიტიკოსები საკუთრ რეიტინგს?
ასლან ბჟანია როცა პრეზიდენტი გახდა, აქტიურად ამბობდა, რომ სხვადასხვა თემაზე საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის მზად იყო და ეს საგარეო პოლიტიკის კონცეფციაშიც იყო მითითებული. თბილისში ამაზე სრულიად მშვიდი რეაქცია ჰქონდათ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არანაირი შემხვედრი ნაბიჯი და განცხადება არ ყოფილა. საერთოდ, ისეთი შეგრძნება იყო, რომ ბჟანიას სიტყვები და წინადადება აფხაზეთის ხელისუფლების სისუსტედ მიიღეს, რომლის შემდგომი ნაბიჯი რაღაც გარკვეული პირობებით საქართველოს შემადგენლობაში შესვლის შესახებ განცხადება იქნებოდა. როცა თბილისის არაადეკვატური რეაქცია გამოჩნდა, ბჟანიამ ოპოზიციის და არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ მკაცრი კრიტიკა მიიღო. მან შეწყვიტა ამის შესახებ ლაპარაკი. ეს პუნქტი საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდანაც ამოიღეს. საქართველოც დიდად არაფერს ამბობს.
მსოფლიოსა და რეგიონში ამჟამად ისეთი ვითარებაა, ასეთი გლობალური გარდატეხებისას შეიძლება რაიმე უკეთესისკენ ან უარესისკენ შეიცვალოს, რათა ეს სიტუაცია მკვდარი წერტილიდან დაიძრას. მაგრამ არც ქართული და არც აფხაზური მხრიდან არანაირი მცდელობა არ არის.
მთავარია, როცა ეს ყველაფერი დასრულდება და ჩვენს რეგიონში სიტუაცია დალაგდება, უარესი არ იყოს. ორმხრივი ზომების მიღებაა საჭირო, რომ ხელისუფლებები რაღაცაზე შეთანხმდნენ. საუბარი არ არის იმაზე, რომ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს ან აფხაზეთი განაცხადებს საქართველოს შემადგენლობაში შესვლაზე. არა, არის სხვადასხვა ხასიათის - უსაფრთხოების, ეკონომიკური, ეკოლოგიური საკითხი და პრობლემები, რომლებიც გადაჭრას მოითხოვენ.
- ახალგაზრდები აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვიან. რამდენად ნორმალურად და საჭიროდ მიაჩნიათ ეს აფხაზეთში?
- არიან ისეთები, რომლებიც იბრძვიან და არიან ისეთებიც, რომლებიც ომს მხარს არ უჭერენ. საზოგადოება ამას სხვადასხვაგვარად უდგება. ამ საკითხში აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს რუსეთს უჭერს. აქ აისახება ის კონტექსტიც, რომელიც 30 წლის წინ, ქართულ-აფხაზური ომის დროს არსებობდა - ხშირად იხსენებენ, რომ ქართულ მხარეს უკრაინული ქვედანაყოფები იბრძოდნენ. ბევრი ამით ხსნის იმას, თუ რატომ მიიღეს მონაწილეობა ამ (რუსეთ-უკრაინის) ომში. რეალურად ყველას ესმის, რომ ომი საუკეთესო რამ არ არის და მათაც, ვინც რუსეთს უჭერს მხარს, სურთ, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, რადგან ჩვენ თავად ვიცით, რა არის ომი.
- რაც შეეხება ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის განთავსების გეგმებს, რას ფიქრობენ აფხაზები სიტუაციის შესაძლო დაძაბვის შესახებ?
- იქ ბაზა ადრეც არსებობდა, მათ შორის, ომის შემდგომ, 1990-იან წლებში. 90-იანების ბოლოს თითქოს გავიდა, მაგრამ 2008 წლის შემდეგ იქ რუსული სასაზღვრო გემების ბაზა მაინც იყო. ის, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების ნაწილი გადმოვა აფხაზეთში, რადგანაც სევასტოპოლში რუსული გემები უსაფრთხოდ არ არიან, არ ვფიქრობ, რომ რაღაც უზარმაზარი სამხედრო საფრთხეა. მეორე მხრივ, იქ რუსები არც აპირებენ დიდი სამხედრო-საზღვაო ბაზა ააშენონ, რამდენადაც საკმაოდ შეზღუდული ტერიტორიაა, სამხედრო ბაზის განთავსების ადგილი არც არის. გარდა ამისა, გასაგებია, რომ ეს ყველაფერი დროებითია, ანუ იმ დრომდე, ვიდრე ომი გრძელდება.
- აფხაზეთის სანაპიროზე რუსეთ-უკრაინის ომის გავრცელების საფრთხეზე გეკითხებით.
- რა თქმა უნდა, არსებობს ოჩამჩირის სანაპიროზე დარტყმების საფრთხე, მაგრამ ამ შემთხვევაში ლოგისტიკა ფართოვდება. შეიძლება ოდესიდან უპილოტო საფრენ აპარატს უშვებენ ან ურტყამენ სევასტოპოლს ან ნოვოროსიისკს, მაგრამ აფხაზეთის სანაპირომდე ძალიან დიდი მანძილია და აქამდე ბევრი რამის ჩამოგდება შეიძლება. მითუმეტეს, რომ რუსეთი აფხაზეთში იცავს საჰაერო და საზღვაო სივრცესაც იმ შეთანხმებისა და უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, რომლებიც 2008 წლის შემდეგ, აფხაზეთთან სამხედრო შეთანხმების გაფორმებისას იკისრა. მითუფრო, ამ ომის ვითარებაში, თუ ოჩამჩირეში რუსული გემები იქნება, რუსეთი მათ ყველა შესაძლებლობით დაიცავს.
- ენგურის ხიდთან მიმდინარეობს მშენებლობა. რა ობიექტი შენდება, რა მზადდება იქ?
- ეს იქნება სასაზღვრო-საბაჟო ტერმინალი. 30 წლის განმავლობაში იქ ინფრასტრუქტურის მდგომარეობა არ შეცვლილა, მხოლოდ პატარა ვაგონები იდგა. აფხაზეთის მთავრობამ მოახდინა ზოგიერთი საქონლის ლეგალიზება, რომელთა გადმოტანაც საზღვარზე შეიძლება. შედეგად საბაჟო პოსტის სრულფასოვანი მუშაობის საკითხი აქტუალური გახდა, ანუ სხვადასხვა სახის ტვირთის მიღება ამგვარ ცვლილებებს საჭიროებს. საქართველოსთან საზღვარზე საბაჟო-გამშვები პუნქტი თავისი ფუნქციონალით რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე არსებულ პოსტს არაფრით ჩამოუვარდება და იქ მომავალში სატვირთო მანქანების გატარებაც შესაძლებელი გახდება.
ავტორი: მანანა მჭედლიშვილი
ინტერვიუში რესპონდენტის მიერ გამოყენებული ტერმინები ეკუთვნის მას და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.