რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას შეფასებით, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციების რისკს ქმნის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„სხვა კვალიფიკაცია, გარდა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევისა, არ შეიძლება არსებობდეს. ეს არის ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის, რომლებიც არა მხოლოდ მეზობლები არიან გეოგრაფიულად, არამედ ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს ისტორიულ კონტექსტში. რა შუაშია აქ აშშ, საერთოდ გაურკვეველია“, - განაცხადა ზახაროვამ დღეს, 24 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, არ შეიძლება არსებობდეს „ჯანსაღი ახსნა“ იმისა, თუ რატომ მიაჩნია აშშ-ს შესაძლებლად, კომენტარი გააკეთოს იმაზე, რაზეც ორმა სუვერენულმა სახელმწიფომ მოილაპარაკა.
„თუ შეერთებული შტატები თავისი პოლიტიკის სათავეში ყველგან ადამიანის უფლებებს აყენებს, მაშინ, ალბათ, ამ კონკრეტულ ჰუმანიტარულ სიტუაციაშიც ადამიანის უფლებებიდან უნდა ამოვიდეს. არაფერია იმაზე რთული, ვიდრე იმ ორი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა, რომლებსაც ასეთი მჭიდრო კავშირები ჰქონდათ, მათ შორის ნათესაური, ჰუმანიტარული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, პირდაპირი ფრენების გარეშე.
ეს ხომ ხალხისგან მოდიოდა?! გვიგზავნიდნენ წერილებს, თხოვნებს მრავალი წლის განმავლობაში. ვერანაირი პიარ კამპანია, ვერანაირი აქცია ვერ შეძლებდა ამდენი წელი ამ თემის ზედაპირზე გაჩერებას, რომ არა ხალხის რეალური სურვილი, რომ განხორციელებულიყო ეს პირდაპირი რეისები.
კიდევ ერთი მომენტი: გაუგებარია, აშშ-ის კითხვებს რატომ არ იწვევს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთსა და სხვა ახლომდებარე ქვეყნებს შორის, ხოლო საქართველოსთან იწვევს. სრულიად გაუგებარია. ჩვენ პირდაპირი ფრენები გვაქვს სომხეთთან და შეერთებული შტატები ხომ არ ნერვიულობს? აზერბაიჯანთანაც არანაირი პრობლემა არ ყოფილა. რატომ არ შეიძლება საქართველოსთან? რა, ეს საქართველოსთან მიმართებაში დისკრიმინაციაა?!
ჩვენ ვაშინგტონის მსგავს მენტორულ განცხადებებს განვიხილავთ როგორც სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებსა და მესამე ქვეყნებთან მათ ურთიერთობაში ჩარევასა და დაუფარავ ზეწოლას“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით დღეს, კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, „საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები“.
„ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, მილიონი ქართველი გვყავს, ეთნიკურად ქართველი, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე სახის პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გააუქმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ მის მიერვე 2019 წლის 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. პუტინის განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმიც.
საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილებები დადებითად შეაფასა და უკვე ორ რუსულ ავიაკომპანიას მისცა უფლება, თბილისი-მოსკოვი-თბილისის, სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებზე იფრინონ. მოსკოვის მიმართულებით რეისების შესრულება დაიწყო ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც“.
აშშ-ის მთავრობა მიიჩნევს, რომ დღეს, როდესაც სრულიად დასავლური საზოგადოება დისტანცირებულია რუსული რეჟიმისგან, არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, მასთან ჩართულობა გაზარდოს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები შესაძლოა სანქციების რისკის ქვეშ დადგენენ, თუ ისინი იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან.