ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერი, პიტერ სტანო აცხადებს, რომ საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და სასამართლოების თავმჯდომარეებს შეეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
განცხადებაში, რომელიც სასამართლო რეფორმის ირგვლივ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელდა, ნათქვამია, რომ მართლმსაჯულების, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა, 2023 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნებთან თანხვედრაშია და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტურ რეკომენდაციას წარმოადგენს. პიტერ სტანოს განცხადებით, ეს იმ ცხრა ნაბიჯის ნაწილიცაა, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის გაცემის დროს.
„სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური სისტემა, ამ პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სასამართლო სისტემაში ყველა წამყვან თანამდებობაზე, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოში და სასამართლოს თავმჯდომარეების თანამდებობებზე კანდიდატებისა და დანიშნული პირებისთვის.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული კომენტარებით, რომლებიც მიმართული იყო კონკრეტული მოსამართლეებისკენ, რომლებმაც საკუთარი აზრი გამოთქვეს სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების შემოწმების პოტენციურ სისტემაზე. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა პიტერ სტანომ.
მისივე თქმით, ევროკავშირი მჭიდრო დიალოგში რჩება ოფიციალურ პირებთან და მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების წინსვლას, რომლებიც სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას.
საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერები ცდილობდნენ, კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის, ე.წ. „ვეტინგის“ შემოღება ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოეჩინათ. „ვეტინგი“ კატეგორიულად მიუღებელია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კობახიძის თქმით, მსგავსი რამ საქართველოში 2004 წელს განხორციელდა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სასამართლოს სრული დამორჩიელება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ვეტინგის“ მომხრეებს მოუწოდა, პატივი სცენ ქვეყნის სუვერენიტეტს.
„ვეტინგის“ წინააღმდეგ განცხადება უზენაესი სასამართლოს სახელითაც გავრცელდა. მასში ნათქვამია, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურა ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. მოგვიანებით გაირკვა, რომ სასამართლო სისტემაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს. უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ - ეკატერინე გასიტაშვილმა და ნინო ბაქაქურმა განცხადებას მხარი არ დაუჭირეს. საწინააღმდეგო მოსაზრება დააფიქსირეს პირველი და მეორე ინსტანციის სხვა მოსამართლეებმაც. ისინი აცხადებენ, რომ არ სურთ, გახდნენ საქართველოს ევროპული მომავლის შემაფერხებელი ფაქტორი და შესაბამისად, მზად არიან გაიარონ კეთილსინდისიერების შემოწმება.
პრემიერ-მინისტრი კობახიძე განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებს საქმეთა გაჭიანურების საფუძვლით თავს დაესხა. როგორც მან თქვა, უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლიდან „მინიმუმ ერთს აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს“.