საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, თამარ კორძაიამ საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოუწოდა, გამოვიდეს და „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის მიღების შეჩერება მოსთხოვოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
კორძაიას განცხადებით, რუსული კანონი ადამიანის უფლებებს გაანადგურებს, რაც პირდაპირ წერია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ სახალხო დამცველის მოთხოვნით მომზადებულ დასკვნაში.
„ამიტომ, მე მას მოვუწოდებ გამოვიდეს და პრევენციულად დაიცვას ადამიანის უფლებები, ეს არის მისი ფუნქცია, პირდაპირი ფუნქცია და მან ეს უნდა გააკეთოს, თუ არადა მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ საქართველოს ჰყავს სახალხო დამცველი, რომელიც არ იცავს და არ დგას ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რომელიც ანადგურებს ადამიანის უფლებებს. ამისთვის არსებობს ქვეყნებში სახალხო დამცველი, რომ მან წინააღმდეგობა გაუწიოს ასეთი პოლიტიკის განხორციელებას. მე მას ხმა მივეცი, როგორც სახალხო დამცველს და ხმა მივეცი იმიტომ, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში. მოვითხოვ, გამოვიდეს ახლა და მოითხოვოს, რომ შეაჩეროს „ქართულმა ოცნებამ“ ამ კანონპროექტის განხილვა და მიღება“, - განაცხადა კორძაიამ.
თამარ კორძაია ერთ-ერთია იმ თორმეტი ოპოზიციონერი დეპუტატიდან, ვისაც დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დროს, შეკითხვის დასმის შესაძლებლობა არ მისცეს და სხდომიდან გააძევეს.
2024 წლის 3 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 17 აპრილს, პარლამენტის 83 წევრმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები პარლამენტთან 15 აპრილიდან მიმდინარეობს. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ დღეს, 29 აპრილს, რუსული კანონის მხარდასაჭერად „საყოველთაო-სახალხო შეკრება“ მართავს. მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული კონტრაქცია, რომელში მონაწილეობასაც საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს ავალდებულებენ, პარლამენტის შენობის წინ 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.