„ფერწერა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ის დროთა განმავლობაში, წყლის ინფილტრაციითა და სხვადასხვა ტიპის მარილების ზემოქმედებით ზიანდებოდა. ზოგიერთი ადგილი დღესაც სველია. ნესტის ზემოქმედებაც დიდია, რაც მხატვრობას აზიანებს“, - ამის შესახებ გელათის კონსერვაციის ჯგუფის ხელმძღვანელმა, კედლის მხატვრობის კონსერვატორმა ლიზა შეკედემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
გელათის ტაძარში კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები 12 მარტიდან დაიწყო. ინგლისელი სპეციალისტის თქმით, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში წინასწარ შემუშავებულ მეთოდებს დატესტავენ.
„ახლა ჩვენ შეფასების ფაზაში ვართ. ჩვენი გეგმა დამოკიდებულია მდგომარეობის შეფასებაზე. არ შეგვიძლია მივიღოთ ზომები იმ ადგილებთან მიმართებაში, რომლებიც ჯერ კიდევ სველია, რადგან თუ ჩარევას დავიწყებთ, შესაძლოა ეს პრობლემები უფრო გამწვავდეს. ამ მოკლე ვადაში, პირველ რიგში უნდა მივხედოთ იმ ადგილებს, რომლებიც განსაკუთრებულ, გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს. შეგვიძლია ჩარევები ვაწარმოოთ იქ, სადაც მარილების აქტივიზაცია გაჩერებულია და სადაც ჩარევები დამოკიდებულია მხატვრობის საჭიროებებზე. ჩვენ შეიძლება ვიმუშაოთ ფერწერული და ნალესობის ფენების გამაგრებაზე, მოვახდინოთ ინექტირება იქ, სადაც ნალესობასა და საფუძველს შორის კავშირი არის დაკარგული. საკონსერვაციო მეთოდები არის სწორად დასაგეგმი და დასატესტი“, - განაცხადა ლიზა შეკედემ.
ფრესკები მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ერთი ბრიტანელი ექსპერტის, სტივენ რიკერბის შეფასებითაც: „სასწრაფოდ არის გასაკეთებელი გადაუდებელი სამუშაოები და ჩვენ უნდა ვნახოთ, რის საშუალებას მოგვცემს თვითონ ეს ფერწერა, რადგან მდგომარეობა მართლაც ძალიან მძიმეა“.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, ტაძარში 21 კრიტიკული კერაა და გადაუდებელი საკონერვაციო სწორედ ამ კერებზე ჩატარდება.
რაც შეეხება ტაძარში არსებულ მე-12 საუკუნის ღვთისმშობლის მოზაიკას, მისი კონსერვაცია ჯერჯერობით შეუძლებელია. იტალიელი სპეციალისტი რობერტო ნარდი ამბობს, რომ საჭიროა დაკვირვება და შესწავლა, რასაც დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.
„გელათის მოზაიკა თავის თავზე თვითონვე ლაპარაკობს თავისი მშვენიერებითა და მნიშვნელობით. რა თქმა უნდა, ის საკონსერვაციოა, მაგრამ მისი მდგომარეობა მაინც ძალიან დიდი იმედების მომცემია. გვაქვს დანაკარგები, იგულისხმება ფერწერული ნაწილები, მაგრამ მდგომარეობა დიდი იმედის მომცემია. გელათის დროის საზომი საუკუნეებია. მთავარია, ჩვენ არ ვიჩქაროთ. ძალიან დიდი დაკვირვება სჭირდება სამუშაოებს, არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. შესწავლისა და დაკვირვების პერიოდი დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდება. ამიტომ ვერ დავასახელებ ზუსტ დროს, როდის განვახორციელებთ ჩარევებს“, - უთხრა ჟურნალისტებს რობერტო ნარდიმ.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მდივნის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, გელათის რეაბილიტაცია-კონსერვაცია გრძელვადიანი პროექტია და „არავინ უნდა წარმოიდგინოს, რომ ერთ წუთში შეიცვლება ყველაფერი“.
„შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ყველაფრის აღდგენა. ეს პრობლემები ერთი კვირის და ერთი წლის არ არის.
ყველაზე მთავარია ერთიანობა და არის სამეცნიერო ხედვა, რომელიც გადის დიდ საერთაშორისო ფილტრებს. რაც შეეხება გადახურვას, რომელიც პროცესშია, მიღებულია იუნესკოდან თანხმობა კონკრეტულ პროექტზე. მოლაპარაკებები დამთავრებულია. გერმანული კომპანიაა, რომელმაც დაამზადა. ასევე გერმანელი ინჟინრები მიიღებენ მონაწილეობას კონსტრუქციის მოწყობაში,“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
წლებია გელათის მთავარ ტაძარში სახურავიდან წყალი ჩადის, რის გამოც უნიკალური ფრესკები ნადგურდება. წყლის ჩასვლის ბოლო შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა.
გელათის სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაციას კულტურის სამინისტრო ახორციელებდა, თუმცა ერთი წლის წინ, 2023 წლის თებერვლის ბოლოს, უწყებამ სამუშაოები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გადააბარა. ამას წინ უძღოდა განცხადება, სადაც საპატრიარქო აღნიშნავდა, რომ „გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-2019 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო“, 2021 წელს კი კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საპატრიარქოს ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გელათის ფრესკების დაზიანების შესახებ კრიტიკული და საგანგაშო დასკვნა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ანგარიშში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი არაერთი ფაქტია გამოვლენილი, თუმცა პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ არის მიცემული.