კომისია: პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებით მოსამართლემ კონსტიტუციური პრინციპი დაარღვია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრების შეფასებით, მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა, ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს არღვევს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა კონსტიტუციის 52-ე მუხლით გარანტირებულ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ, აგრეთვე უგულებელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანაწესი, რომელიც არ ავრცელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობაზე.

მოსამართლემ იმავე განჩინებით საქმის განსახილველად განსაზღვრული ზოგადი ორთვიანი ვადა გაახანგრძლივა ხუთ თვემდე, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტს და აჩენს პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს, პარალიზების რისკებს“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შესარჩევი კომისიის წევრმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ თქვა, რომ საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა და ეს საქმე საერთოდ არ უნდა მიეღო წარმოებაში.

„ეს არის წარმოუდგენელი რამ, როდესაც კონსტიტუციის მთავარი დანაწესი, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი დანიშნოს დამოუკიდებელი წევრი, მიითვისა საერთო სასამართლომ და მან გადაწყვიტა, რომ თვითონ გააკონტროლებს, ვინ გახდება პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი საერთო სასამართლოში.

სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი, რომელსაც არც კი შეეძლო იუსტიციის უმაღლესო საბჭოს საქმიანობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რაიმე არსებითი გავლენა მოეხდინა.

უბრალოდ, მხოლოდ ის შეეძლო, რომ უფრო მეტი საჯაროობა მოეთხოვა, რაც ახლა არის ფაქტობრივად, განულებული. დამოუკიდებელ წევრს შეეძლო კრიტიკული ხმა გაეჟღერებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, - აღნიშნა ქურდოვანიძემ.

კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება სასამართლომ 22 ივლისს შეაჩერა, რასაც საფუძვლად დაედო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის, მანუჩარ კაკოჩაშვილის მიერ იმავე დღეს წარდგენილი სარჩელი. მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის შუამდგომლობა და საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის დანიშვნა.

კახა წიქარიშვილის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის უფლებამოსილება დღეს, 23 ივლისს უნდა დაწყებულიყო.

„სარჩელის ავტორი ამბობს, რომ კომისიის ეს ორი წევრი იყო მიკერძოებული და გარდა ამისა, კომისიამ არ დამისვა შეკითხვები ჩემს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა მას და ზოგიერთ სხვა კონკურსანტს დაუსვა ასეთი შეკითვები“, - განაცხადა წიქარიშვილმა.

მისი შეფასებით, „სისტემას შეეშინდა“, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესვლით, მას მიეცემოდა წვდომა ბევრ ინფორმაციაზე, რომელსაც საბჭო არ ასაჯაროებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისთვის შექმნილი ორგანოა. ის ნიშნავს მოსამართლეებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, ასევე არჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად უგზავნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსაც. საბჭო 15 წევრისგან შედგება, რომელთაგან ექვსი არამოსამართლე წევრია. პრეზიდენტი უფლებამოსილია ერთი არამოსამართლე წევრი დანიშნოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).