საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სასამართლოში „ვეტინგის“ სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შესასწავლია სხვა ქვეყნებში მიღწეული შედეგები და ის, თუ რამდენად შეესაბამება „ვეტინგი“ საქართველოს კონსტიტუციას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„ერთხელ უკვე გავაკეთე კომენტარი და გავიმეორებ: ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც საქართველოში არსებობს, შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან.
ამიტომ, მაგალითებს, რომლებიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული „ვეტინგის“ შესახებ, ჩემი აზრით, მეტი არგუმენტაცია სჭირდება. ერთი მხრივ, შესასწავლია იქ მიღწეული შედეგები, მეორე მხრივ, რამდენად შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და რამდენად შესაძლებელია ასეთი ტიპის „ვეტინგის“ ჩატარება საქართველოში.
მაგალითად, ჩვენ ვიცით ალბანეთის მოდელი, როდესაც „ვეტინგის“ სისტემის შედეგები არა თუ დამაკმაყოფილებელია, არამედ მეტი პრობლემა წარმოშვა. ახლა სხვა ქვეყნებთან მიმართებით უკეთ არის ეს ყველაფერი შესასწავლი. პოლიტიკური პარტიები „ვეტინგის“ ჩატარებაზე თუ შეთანხმდებიან, მათ შორის ოპოზიცია და მმართველი პარტიაც რომ შეთანხმდეს, ამის მიუხედავად, გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა იყოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„ვეტინგი“ (Vetting - ინგ.) საჯარო სექტორში საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავებამდე კანდიდატის შესაბამისობის, მათ შორის, კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს.
„ვეტინგი“ კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერებისთვის და ცდილობენ ის ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს მექანიზმი საქართველოს კონსტიტუციასა და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.
„ვეტინგის“ წინააღმდეგ განცხადება უზენაესი სასამართლოს სახელითაც გავრცელდა. მასში ნათქვამია, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურა ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას.
სინამდვილეში, სასამართლო რეფორმის პროცესში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის დანერგვა ევროკავშირის რეკომენდაციაა:
„საქართველომ უნდა გაატაროს სასამართლო სისტემის უფრო ფართო რეფორმა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური სისტემა, პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამჟამად დანიშნული არიან ყველა წამყვან თანამდებობაზე სასამართლო სისტემაში, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სასამართლოს თავმჯდომარეების თანამდებობებზე“, - ვკითხულობთ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში.
არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სასამართლოს გუშაგი“, „დემოკრატიის მცველები“ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ აცხადებენ, რომ ხელისუფლება „კლანის“ წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.