მოსამართლეებისადმი სოლიდარობა არაა მათი დაცვა, ვინც კორუფციაშია ჩართული - დეგნანი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„უცნაურია თქმა, რომ სოლიდარული ხარ საქართველოს მოსამართლეების მიმართ, რომელთა უმეტესობა უკიდურესად პროფესიონალი მოსამართლეა, რომელთაც უნდათ თავიანთი საქმე კანონის შესაბამისად აკეთონ, იმ ოთხი პირის დაცვით, რომელთა შესახებაც არსებობს სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში ჩართულობის შესახებ. ეს დაცვა არ არის. პროფესიონალი მოსამართლეებისადმი სოლიდარობა არ არის მათი დაცვა, ვინც კორუფციაში იყვნენ ჩართულები“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სასამართლოში კორუფციის საკითხებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, სხდომებზე რეგისტრაციას არ გადიან და ამით ხელს უშლიან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლის მიზანი სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოძიებაა.

აშშ-ის ელჩი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელისუფლებისთვის შესაძლებლობაა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი გამოძიება ჩაატაროს სასამართლო სისტემაში კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით.

„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მივიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს ინსტიტუცია. ასე რომ, სასარგებლო არასდროს არ არის, როდესაც პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს. ამ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ ვთქვით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში.

მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენ არ ვართ კარგად ინფორმირებულები - არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს. ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც საფუძვლად დაედო ამ ოთხი ინდივიდისთვის სავიზო სანქციების დაწესებას კორუფციულ ქმედებებში მათი ჩართულობის გამო. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა და აქ შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმეტესობა საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, სანამ სავიზო სანქციებს სისტემის მეშვეობით სახელმწიფო მდივანს გავუგზავნიდით. სახელმწიფო მდივანმა სავიზო სანქციები დაამტკიცა, ვინაიდან ის სრულად იყო დარწმუნებული ამ სანქციების საფუძველში“, - განაცხადა ელჩმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტში გასული წლის დეკემბერში დაარეგისტრირეს, თუმცა კენჭისყრაზე პირველად 18 აპრილს გავიდა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 5 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა კორუფციაში მათი ჩართულობის გამო.

„ქართულმა ოცნებამ“ დადგენილებისთვის კენჭისყრას ხელი იმით შეუშალა, რომ არც 18 და არც 19 აპრილის სხდომებზე რეგისტრაცია არ გაიარა. კვორუმის არ არსებობის, ანუ 76 დეპუტატის რეგისტრაციის გარეშე, კენჭისყრა ვერ ჩატარდა. კვორუმის არსებობის შემთხვევაში, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო მინიმუმ 50 ხმა ჰქონდა.

 

ამ თემაზე:

უცხოელ აგენტებს საგამოძიებო კომისიას ვერ შევაქმნევინებთ - კობახიძე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).